ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილები 40 პროცენტით და ეს სახეზეც შეგვეტყო, – ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგოც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, სჭირდებათ დრო, რათა ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ პასუხზე.
„მოგვეცით საშუალება და უფლება, რომ თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ რატომ არ ვართ თანახმა ამ ყველაფერზე. ჩამოვაყალიბებთ და მერე მოგიყვებით. ჩვენ 40 პროცენტზე არ ვართ თანახმა და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანახმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ. რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ამ ეტაპზე ის, რაც გაახმოვანა, ამაზე ჩვენ ჩვენ არა ვართ თანახმა. არანაირი კონკრეტული შეთავაზება ჩვენ არ გვქონია იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მოვუსმინეთ და ჩვენი პოზიცია არის ამ ეტაპზე დაგვაცადეთ, რომ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბოთ ეს პოზიცია“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
ამასთან, კითხვაზე რა ოდენობის წილების შეთავაზება იქნება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისთვის მისაღები, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა რომ ისინი 60%-ზე მეტს ვერ მოითხოვენ იქიდან გამომდინარე, რომ წართმევამდე სწორედ ამ ოდენობის წილებს ფლობდნენ.
ამასთან, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.
ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.
როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.