დავით დვალი - არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ, ხალვაშისგან იქნება წინადადება და იქნება მასზე მკაფიო პასუხი
დავით დვალი - არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ, ხალვაშისგან იქნება წინადადება და იქნება მასზე მკაფიო პასუხი

ჩვენი მხარე ხალვაშს უბრალოდ მოუსმენს, რას იტყვის, არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ, იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა ქიბარ ხალვაშთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგთან დაკავშირებით მას პესიმისტური მოლოდინი აქვს.

„მოლოდინი, რა თქმა უნდა, შედარებით პესიმისტური მაქვს, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ მინდა. ორშაბათს უკვე შემეძლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის ხმამაღლა და მკაფიოდ გაცხადების; რა იყო წითელი ხაზი, გადაილახა თუ არა და ვისი გავლებული წითელი ხაზებია მაგასაც ვიტყვით“, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრასაც გეგმავს.

„მე არაფერ საკითხს არ ვაყენებ. ჩვენი მხარე უბრალოდ ხალვაშს მოუსმენს, რას იტყვის. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100%-ის მფლობელობა ამ წუთას და მან თქვა, რომ ის რაღაც შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რომელიც ადრე ითქვა და შეთანხმებულიაო. კიდევ ერთხელ უნდა გაიჟღეროს და ჩვენგან იქნება პასუხი – კი თუ არა. მეტი არაფერი არ იქნება. უკვე უდის სუნი, რომ მთლად ის არ არის წინადადება, მაგრამ მოდით, ეს ორი დღე ვაცადოთ. არაფერი დასამალი არ არის და მზად ვარ, რომ ის შეხვედრა ღია იყოს. არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ. იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრას აუცილებლად ვაპირებ და მათაც ყველაფერს გავაცნობ. არა მარტო ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის თემაზე, არამედ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კითხვაზე მზად ვარ, პასუხები გავცე.

„რუსთავი 2“ უნდა დარჩეს კრიტიკული ტელევიზიის ფლაგმანად. ის თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია უნდა იყოს. ფაქტობრივად ის ნამდვილი მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს. საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება თუ ეს მონაპოვარი დაიკარგება“, – განაცხადა დავით დვალმა.