ჯანმოს ცნობით, კონგოში მოსახლეობის მასობრივმა გადასახლებამ ებოლასთან ბრძოლა შესაძლოა, გაართულოს
კონგოში არეულობის ნიადაგზე მოსახლეობის მასობრივმა გადასახლებამ ებოლასთან ბრძოლა შესაძლოა, გაართულოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება.
„ბიბისის“ ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე არეულობებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძოდ, იტურის პროვინციაში 300 ათასი ადგილობრივი გაექცა და თავი მეზობელ რეგიონებს ან ქვეყნებს შეაფარა.
ამის პარალელურად, რეგიონში ებოლას ებრძვიან. ადგილობრივების მიერ პროვინციის მასობრივი დატოვება კი მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების რისკს საგრძნობლად ზრდის. აფრიკულ ქვეყანაში ჰემორაგიული ცხელების ბოლო აფეთქებას უკვე 1 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
იტურის პროვინციაში დაპირისპირება ჰემასა და ლენდუს ხალხს შორის მიმდინარეობს. მიწისა და სასმელი წყლისთვის დაწყებული უთანხმოება შეიარაღებულ თავდასხმებში გადაიზარდა. ბოლო პერიოდში, არეულობის შედეგად სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა.