ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს, რაც საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს, რაც საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს, რაც საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ ბრიფინგზე განაცხადა.

კლუგე აღნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ისრაელი, ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, გასულ თვეში დაახლოებით სამჯერ, ექვსიდან 21-მდე გაიზარდა იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, სადაც დაავადების მაჩვენებლები გაიზარდა.

ჰანს კლუგეს თქმით, დაავადება მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ყველაფერი გააკეთონ ეპიდზედამხედველობისთვის, რაც საშუალებას მისცემს მათ, დროულად გამოავლინონ დაავადება, ჩაატარონ ტესტირება და გამოიკვლიონ ინფიცირებულთა კონტაქტები.

კლუგეს თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ისინი ყოველდღიურად სულ უფრო მეტს იგებენ და ერთ-ერთი ასეთი სიახლე აღმოჩნდა პრეპარატი „დექსამეტაზონი“. კერძოდ, მისი უნარი, მესამედით შეემცირებინა სიკვდილიანობა მძიმე პაციენტებში.

ჰანს კლუგე აღნიშნავს, რომ ახლა ევროპის რეგიონული ოფისის პრიორიტეტულ ამოცანას შემოდგომისთვის მზადება წარმოადგენს.