ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, აგრესიული ზომები მიიღონ. მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში უნდა ჩაერთოს საზოგადოებაც, ხოლო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მოქალაქეებმა ე.წ. სოციალური დისტანცია დაიცვან.

„არ დაუშვათ, რომ ცეცხლი უკონტროლოდ იწვოდეს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამჟამად კორონავირუსი 123 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულია 132 000-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი კი 5000-ს აჭარბებს.

„ევროპა გადაიქცა პანდემიის ეპიცენტრად. იქ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი მეტია, ვიდრე მთელ მსოფლიოში“, – თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამ ეტაპზე, ევროპაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია, სადაც ვირუსს 1266 ადამიანი ემსხვერპლა. მას მოსდევს ესპანეთი, სადაც 120 ადამიანი დაიღუპა.