„ბიბისი“ – ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

11:00, 20.11.2026

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

აღნიშნულის შესახებ ლიდერებმა ბერლინში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროპას აქვს მკაფიო, თანმიმდევრული და ერთიანი პოზიცია. ამ კონფლიქტში აგრესორის საქმე არ არის, წამოაყენოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი და არარეალისტური მოთხოვნები. ეს ყველასთვის აბსოლუტურად ნათელია, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების შესახებ სერიოზულ განხილვებში, იმ პირობით, რომ ეს იქნება სერიოზული დისკუსია, რაც მთავარია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება“, – განაცხადა ბერნემმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპა მზად არის, რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა ამის წინაპირობა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს.

„მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა, თუ პირობები მისაღები იქნება ევროპისა და უკრაინისთვის“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა არ დაუშვებს, დიდმა სახელმწიფოებმა კონტინენტი გავლენის სფეროებად გაიყონ და განაცხადა, რომ „იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს“. მისი თქმით, აშშ-ს ესმის, რომ ევროპის მონაწილეობის გარეშე მშვიდობა ვერ მიიღწევა, ხოლო ევროპამ იცის, რომ ამერიკის მხარდაჭერით მშვიდობის პერსპექტივა იზრდება.

მსგავსი