ივერი მელაშვილი - არც გოგი მანჯგალაძის დადანაშაულება შეიძლება, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის, იოტისოდენა გადახრაც არ არის
ივერი მელაშვილი - არც გოგი მანჯგალაძის დადანაშაულება შეიძლება, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის, იოტისოდენა გადახრაც არ არის

არც გოგი მანჯგალაძის დადანაშაულება შეიძლება, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის, იოტისოდენა გადახრაც არ არის, – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ასახავს სამუშაო პროცესს და ამ ჩანაწერებით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.

„გოგი მანჯგალაძესთანაც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო საუბარი. უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი. ეს რიგითი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ, რაც არ იცოდა, იმაში დარწმუნდა. იმაზე დაიდო შედეგი. რაზეც მოეწერა ხელი, ის არის შედეგი, ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იოტისოდენა გადახრაც არ არის. ამაში ვერც ბატონ გოგის ვერ დაადანაშაულებს ვინმე და ვერც ბადრი ბიწაძეს, არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება. ნამდვილად არ ვთვლი სამართლიანად. რაკი მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ყველაფერი დროებითია, საქმე რომ დასრულდება, გაირკვევა“, – განაცხადა მელაშვილმა.

მისივე თქმით,  200-ათასიან რუკაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან მთლიანად მცდარია ეს რუკა.

„ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომი და არც ქვემდგომიდან. ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასე იყვენენ ნატალიაც და ის კომისიის წვერებიც, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, აგერ არის სასამართლო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი. ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოდ გვამყოფეს ციხეში. მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, მაგრამ ის, რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, არის პოლიტიკური მიზანი. პირველი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პარტიისთვის პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება, გაშავება მისი, თითქოს რაღაც გამოყვანა, რომ ტერიტორიები გადასცა და ა.შ. მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის შედეგი. ეს ორივე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. პროცესი მიმდინარეობს, ვაცადოთ. იმედია, დროზე დასრულდება. დღეს კარგი მოხდა ის, რომ გამოგვიშვეს, მადლობა პირველ რიგში საზოგადოებას. არავინ არ უნდა აღმოჩნდეს ციხეში, რადგან ყოველგვარი მცდელობა აბსოლუტურად იმ საზიზღრობის გაგრძელებაა, რაც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, ეს სულელური ბრალდებები პოლიტიკური მიზნით უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი პირი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ივერი მელაშვილი, ილიჩოვა, თითოეული ამის ბრალეულობა არის უსაფუძვლო, რადგან საგანი არ არსებობს არავის არაფერი გადასცემია და არავითარი ტერიტორიის დაკარგვა არ მომხდარა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.