ივანე მაჭავარიანი - სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი, ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეულია შეთანხმება 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის გათვალისწინებით, პროგრამის შეფასება პირველად დისტანციურად განხორციელდა.
შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს მისიის დაწყებასთან დაკავშირებით მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ წინაშე დგას სამი ამოცანა – პირველი, გავუმკლავდეთ პანდემიას; მეორე, შევძლოთ იმ მოსახლეობის სოციალური დაცვა,რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო მოკლებულია საარსებო წყაროებს; მესამე, შევძლოთ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა.მოსალოდნელია ეკონომიკის კლების გამო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამ ფონზე გაზრდილი სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე მიმდინარე წელს. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ფონდთან შეთანხმება შედგა განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა.
„ჩვენ ველოდებით დაახლოებით 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას 2020 წელს და ჩვენი შეფასებით, გვექნება დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში. ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა მაღალი რეპუტაცია რეფორმების, ფისკალური დისციპლინისა და მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით, რისი შედეგიც დღეს არის ის დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ.
მნიშვნელოვან გამოწვევებს ველით ასევე ფისკალური კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვეზრდება ხარჯები და გვიმცირდება საგადასახადო შემოსავლები. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ხარჯებს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, რეფორმების კუთხით ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძობთ მუშაობას.ყველა შეფასებით, ეს შოკი არის დროებითი. რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ წლებში ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.