ივანე მაჭავარიანი - გუშინდელ პათოლოგიაზე კომენტარს ვერ ვაკეთებ, ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეს არის სიმახინჯე და დაუშვებელი
ივანე მაჭავარიანი - გუშინდელ პათოლოგიაზე კომენტარს ვერ ვაკეთებ, ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეს არის სიმახინჯე და დაუშვებელი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში,  „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ამასთან, მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, ამ საკითხზე აღშფოთდეს და საკუთარი აზრი გამოხატოს.

„გუშინდელ პათოლიგიაზე ვერ ვაკეთებ კომენტარს. არ ვიცი, ამ სიმახინჯეზე რა კომენტარი უნდა გააკეთო. ყველას აქვს უფლება, დაწყებული პრეზიდენტით და დასრულებული ჩვეულებრივი ადამიანით, აღშფოთდეს და გამოხატოს ამაზე თავისი აზრი, რამე ნეგატიურია ამაში? ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეს არის სიმახინჯე და დაუშვებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.