იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ახალი ლიდერი დააკავეს
იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ახალი ლიდერი დააკავეს

იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ახალი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ დასავლური მედია იტალიის პრემიერ- მინისტრის მოადგილე ლუიჯი დი მაიოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ოპერაცია სიცილიის ადმინისტრაციულ ცენტრ პალერმოში ჩატარდა. რეიდის დროს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების 45 წევრი აიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებულებს შორის არის გავლენიანი იტალიური მაფიის „ნათლია“ სეტიმო მინეო.

„კოზა ნოსტრას“ ყოფილი ლიდერი სალვატორე რიინა, იგივე „ტოტო“, გასულ წელს ციხეში გარდაიცვალა. ის თითქმის 25 წელი საპატიმროში იმყოფებოდა და კრიმინალურ დაჯგუფებას იქიდან მართავდა. ამ ხნის განმავლობაში ტოტომ ციხიდან ათობით მკვლელობა შეუკვეთა.

„კოზა ნოსტრას“ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მაისში გამართულ შეხვედრაზე ტოტოს მემკვიდრედ სწორედ 80 წლის იუველირი, სეტიმო მინეო დასახელდა.
პალერმოში ჩატარებული ოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.