ისტორია - როგორ გაუტანეს ქართველებმა დანიის ნაკრებს ოთხი გოლი [ვიდეო]

21-ე საუკუნეში საქართველოს ნაკრების შეტევის ხაზში დიდი პრობლემაა, შედეგიანი თავდამსხმელი არ გვყავს, მაგრამ იყო დრო, ქართული ფეხბურთი სწორედ ფორვარდებით გამოირჩეოდა.

დღეს გავიხსენებთ ისტორიას, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დანიის წინააღმდეგ სამი თავდამსხმელი ათამაშეს. ეს იყო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ჯგუფის მატჩი, რომელიც 1965 წლის 27 ივნისს მოსკოვში გაიმართა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში საქართველოში გაზრდილმა ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა – მეკარე ანზორ კავაზაშვილმა (ბათუმელმა მეკარემ, რომელიც მაშინ მოსკოვის „ტორპედოში“ თამაშობდა) სლავა მეტრეველმა, ვლადიმერ ბარქაიამ და მიხეილ მესხმა. სსრკ-ის ნაკრებმა ეს მატჩი დანიას 6:0 მოუგო, ექვსივე გოლი ქართველების მონაწილეობით გავიდა, ოთხი გოლი კი თავად გაიტანეს.

ეს მატჩი აქსელ ვართანიანმა გაზეთ „სპორტ-ექსპრესში“ წლების შემდეგ გაიხსენა და საინტერესო დეტალები ამოატივტივა.

მიხეილ მესხის ბენეფისი

მოროზოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კაზაკოვი ნაკრების დონეს არ შეესაბამებოდა. ამან აიძულა, ყურადღება მიექცია ბარქაისთვის. სიომამ (როგორც თბილისელი მეგობრები უწოდებდნენ) შესანიშნავად ითამაშა და დუბლი შეასრულა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მისი პარტნიორი მიხეილ მესხი დამსახურებულად აღიარეს.

ფეხბურთში ბევრია თავისი საქმის ხელოსანი. გაცილებით ნაკლებია მხატვარი, რომელსაც შეუძლია შთაგონებით იფრინოს და უნიკალური შედევრები შექმნას, მესხი ერთ-ერთი მათგანია.

მან შეძლო ერთი ჩვეულებრივი მატჩიდან ფერადი სპექტაკლი, საოცარი შოუ დაედგა. ამის ნათელი მაგალითია თბილისის „დინამოს“ და ნაკრების მარცხენაფლანგელის გამოსვლა. მიხეილმა შოკში ჩააგდო ყველა, ვინც მის თამაშს „ლუჟნიკზე“ უყურებდა.

სხვადასხვა ფინტებით, ის დანიელ მცველებს სათითაოდ და ჯგუფურად გაუმკლავდა, მონაწილეობდა ეფექტურ კომბინაციებში, ასისტენტობდა და თავადაც გაიტანა.

დანიის ნაკრების დამარცხებაში მისი წვლილი შთამბეჭდავია. ამაზე მაშინდელი გამოცემების კორესპონდენტებისა და წამყვანი ექსპერტების შეფასებები და ფაქტები მეტყველებს. 1:0 – მესხის მიერ დაწყებული კომბინაცია ხუსაინოვმა დაასრულა.

2:0 – „მესხმა მარტო გაიარა ოთხი მცველში და ბურთი მეტრეველს უპასა“ (29 ივნისის „კომსომოლსაკაია პრავდა“).

3:0 – ვალერი ვორონინმა შორეულ კუთხეში ისროლა და ბარქაიას პასით გაიტანა.

4:0 – „მესხმა, სიჩქარეების გადართვით, ორთაბრძოლა ორ მცველს მოუგო და ბარქაიამ მისი დახმარებით მეოთხე გოლი გაიტანა“ (29 ივნისის „სავეტსკი სპორტი“).

5:0 – „განსაკუთრებული წარმატებით მესხი იმპროვიზირებდა. მან თავისი მეურვე დათრგუნა და ბოლოს, ამოუწურავი ფანტაზიით დააბნია. როგორც ჩანს, მესხი „მომსახურების სექტორის“ როლის შესრულებით დაიღალა და იგრძნო, რომ უკვე მისი დრო დადგა. მესხი წინ გავარდა და ხუსაინოვისგან შესანიშნავი პასი მიიღო, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა კი შორეულ ზედა კუთხეში დაარტყა – ულამაზესი გოლი!“ ს. სალნიკოვი („ვეჩერნაია მოსკვა“, 28 ივნისი).

6: 0 – ბარქაიამ გაიტანა თავისი მეორე გოლი.

 

იური ვანიატის აზრი სასწაულმოქმედი თავდამსხმელის შესახებ: „ქართველი ვირტუოზი მოედანზე მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე სხვადასხვა საფეხბურთო სასწაულებს ჩადიოდა. საბოლოოდ, მესხმა დანიის კარის მისადგომებთან ისეთი პანიკა შექმნა, რომ საჯარიმო მოედნის ცენტრში ყოველთვის იქმნებოდა ვაკუუმი, სადაც არა მხოლოდ ბარქაია და მეტრეველი შევარდებოდნენ ხოლმე, არამედ მცველებიც“ („ტრუდი“, 29 ივნისი).

ბორის არკადიევი: „მესხი მცველებს იმდენჯერ გაექცა, რამდენჯერაც ამის გაკეთება სცადა. მესხის თამაში ინდივიდუალური ოსტატობის გამოყენებისა და კოლექტიური თამაშის სისტემაში მეტოქეთა ერთი ერთზე დაძლევის მაგალითი იყო“ (“ფუტბოლი“).

ექსპერტთა დიდმა ჯგუფმა, საბჭოთა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, მესხის თამაშს ფანტასტიკურად მაღალი – 9,4 ქულა მიანიჭეს.

საუკეთესოთა შორის იყო ნაკრების დებიუტანტი, ვლადიმერ ბარქაია, რომელსაც არკადიევმა ფეხბურთის იმავე ნომერში შემდეგი სტრიქონები მიუძღვნა: „ვლადიმერ ბარქაიამ ბევრი და კვალიფიციურად იმუშავა. ჩვენ მას ვხედავდით შეტევების საწყის, გაგრძელებისა და დასრულებულ ფაზაში. შეტევის სხვადასხვა ფაზებში მონაწილეობა მეტყველებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე, დიდ მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარსა და ენერგიულობაზე“.

სსრკ – დანია 6:0

1965 წლის 27 ივნისი, კვირა. სტადიონი „ლუჟნიკი” მოსკოვი. 84 134 მაყურებელი.

მსოფლიო ჩემპიონატი 1966. კვალიფიკაცია. 7 ჯგუფი.

გოლები: გალიმზიან ხუსაინოვი (9), სლავა მეტრეველი (47), ვალერი ვორონინი (64), ვლადიმერ ბარქაია (69), მიხეილ მესხი (72), ვლადიმერ ბარქაია (77).

სსრკ: ანზორ კავაზაშვილი, გენადი ლოგოფეტი, ალბერტ შესტერნევი, ვლადიმერ სარაევი, ვალერი ვორონინი, გიორგი რიაბოვი, სლავა მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი (კ), ვლადიმერ ბარქაია, გალიმზიან ხუსაინოვი, მიხეილ მესხი.

მწვრთნელი: ნიკოლაი მოროზოვი.