ვლადიმერ გუცაევმა საკუთარ უნიკალურ კადრებს პირველად უყურა - დიდი მადლობა „საფეხბურთო ტაიმაუტს“, ეს ჯერ არ მინახავს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა გადაცემაში გასული იმ კადრების შემდეგ ემოციები ვერ დამალა, სადაც თბილისის „დინამოში“ მისი პირველი ნაბიჯებია ასახული – როგორ გადასცემს ქართული ფეხბურთის ლეგენდა სლავა მეტრეველი 9-ნომრიან მაისურს ახალგაზრდა გუცაევს, ვინც შემდეგ თავად გახდა ქართული ფეხბურთის ლეგენდა. (გადაცემა და უნიკალური კადრები ნახეთ „საფეხბურთო ტაიმაუტში“)

„ეს კადრები აქამდე არ მინახავს. თასებიც მოგვიგია, ჩემპიონებიც გავხდით, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების გამორჩეული დღეა. 11 თუ 12 ნოემბერია, მოსკოვის „სპარტაკს“ ვეთამაშებოდით და სლავა მეტრეველმა 2-3 წუთი ითამაშა, შემდეგ კი თავისი მაისური მე გადმომცა“, – ამბობს  ვლადიმერ გუცაევი.

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ იმ მატჩის პერიპეტიები და გულშემატკივრის რეაქციაც გაიხსენა:

„ეს თამაში იყო ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი, რადგან ხალხი თავიდანვე თუ არ მიგიღებს, ეს კატასტროფაა. ბევრ ფეხბურთელზე ავანსები გაუციათ, მაგრამ პირველ მატჩში ვერ გაამართლა, შემდეგ ხალხმა არ მიიღო და ვერ ითამაშა. ეს მატჩი „სპარტაკს“ 3:0 მოვუგეთ, ხალხმაც კარგად მიმიღო და საბედნიეროდ, იმის შემდეგ ჩემი კარიერა ისე წარიმართა, როგორც ყველამ იცის. დიდი მადლობა გიორგი შენ (გადაცემის წამყვანს, გიორგი თვალაბეიშვილს მიმართა) და ჩვენს გადაცემასაც – ამ მომენტის ამსახველი სურათი კი მაქვს, მაგრამ ამ კადრებს პირველად ვუყურებ. ეს ჩანაწერი უნდა გადამიწეროთ და მაჩუქოთ“.

გიორგი თვალაბეიშვილი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანი:

„დიდი მადლობა ჩვენს პროდიუსერს, გიგა გვენცაძეს, რომელმაც მოიძია ეს კადრები და თქვენ ასეთი სიურპრიზი გაგიკეთათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს“.

„დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი 21 დეკემბერს 69 წლის გახდა. ვლადიმერ გუცაევი თბილისური გუნდის მაისურს 1971-1986 წლებში ატარებდა და კლუბის რეკორდი დაამყარა – მის შემადგენლობაში 438 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1978, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 და 1981 წლებში. ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 წლებში და ვერცხლისმედალოსანი 1980 წელს. ექვსჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, ხოლო 1976, 1977, 1981 წლებში მეორე ნომრად. 1981 წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 11 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონიობა იზეიმა. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი.