ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

85 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა. თბილისის „დინამომდე“ იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკის“ ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ შედგა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე თამაშობდა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის „დინამოში“ 1957-1967 წლებში თამაშობდა. იყო 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

2014 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.