ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა - დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა - დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა 86 წლის გახდებოდა. თუკი მსოფლიო ფეხბურთზე და მის პოპულარიზაციაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს პელემ, მარადონამ, მესიმ… საქართველოში ანალოგიური როლი რამდენიმე ფეხბურთელმა შეასრულა. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ მესხი იყო.

თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაწყებული კარიერა თბილისის „დინამოში“ გააგრძელა, საბჭოთა ნაკრებში ითამაშა, აღიარება და ტაში არ მოკლებია, მაგრამ კარიერა მაინც გულისტკივილით დაასრულა. საბჭოთა კავშირის ნაკრების (35 მატჩი, 4 გოლი) ფორმით გამოვიდა 1960 წლის ევროპის პირველ ჩემპიონატზე, ასევე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა გივი ჩოხელთან და სლავა მეტრეველთან ერთად. 1960 წლის 10 ივლისს ფინალში გადამწყვეტი გოლი იუგოსლავიელთა კარში ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი მესხმა გააკეთა.

„მესხმა ისეთი ნაღდი საგოლე გადაცემა გააკეთა, შეუძლებელი იყო, არ გამეტანა“, – იხსენებდა პონედელნიკი თავის წიგნში.

მესხისთვის გამორჩეული იყო მატჩი, რომელიც 1961 წლის 18 ნოემბერს ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მარცხენა ფლანგიდან მიხეილ მესხი უტევდა, მარჯვნიდან – სლავა მეტრეველი. საბჭოთა ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა, ორივე გოლი (24-ე და 25-ე წუთებზე) ისევ როსტოვის სკა-ს თავდამსხმელმა, ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა. მაგრამ მედიამ მაინც ქართველები გამოარჩია.

პირველი გოლი მესხის გადაცემით გავიდა. მეორე კომბინაციაც მესხმა წამოიწყო, საგოლე გადაცემა კი მეტრეველმა გააკეთა. მესხი არგენტინელებმა „ქართველ გარინჩად“ მონათლეს. რუსებმაც აღიარეს, რომ მესხმა ინდივიდუალური ოსტატობის უმაღლესი დონე აჩვენა.

„პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა“, – ეს თამაშის შემდეგ მიხეილ მესხზე არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა, სიმეონემ თქვა.

მესხი და მეტრეველი ბრწყინავდნენ და „რივერ პლეიტის“ სტადიონზე მისული 110 ათასი არგენტინელი ქომაგი საუცხოო თამაშით გააოცეს.

„მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო „დამნაშავე“ ორ გოლში, რომლითაც საბჭოთა ნაკრებმა მოიგო“, – წერდა ჟურნალი „ელ გრაფიკო“.

ეს სიტყვები ყველაზე მეტად ახასიათებს ქართული ფეხბურთის ლეგენდას, რომელიც საბჭოთა მარწუხების გამო მსოფლიომ მხოლოდ ფრაგმენტულად გაიცნო.

მიხეილ მესხმა 1969 წელს დააფუძნა და გარდაცვალებამდე მუშაობდა საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად. მის პატივსაცემად თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მისი სახელი დაერქვა. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „ოცნების გუნდის“ წევრად დაასახელეს.