საქართველოში სტადიონების განახლება მიმდინარეობს #1TVSPORT
საქართველოში სტადიონების განახლება მიმდინარეობს #1TVSPORT

საქართველოში მთავრდება საფეხბურთო ინფრასტრუქურის განახლება, ეს სტადიონები ჯერ ევრო 2023-ის მონაწილეებს მოემსახურება, შემდეგ კი – ქართულ კლუბებს.

თბილისში სრული რეაბილიტაცია უტარდება „დინამო არენას“, „მიხეილ მესხს“, „მიხეილ მესხი 2“-ს, „პეტრო არენას“ და ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრ „ბასას“.

ქუთაისში მთავრდება „რამაზ შენგელია არენის“ განახლება და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მშენებლობა, სადაც ოთხი მოედანი იქნება, ხოლო წყალტუბოში ახალი ტექნიკური ცენტრი შენდება.

სამი ტექნიკური ცენტრის პროექტი ხორციელდება აჭარაში – ორი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე შენდება, ხოლო ერთი – ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ამავე დროს, დამტკიცებულია ქობულეთის ახალი „ჩელე-არენის“ პროექტი, რომელიც 8000 მაყურებელს დაიტევს და ბათუმის სტადიონის ანალოგი იქნება.

ამ პროექტების გამო, ეროვნული ლიგის ახალი გათამაშების საწყის ეტაპზე გუნდებს დისკომფორტი შეექმნებათ, რადგან საკუთარ სტადიონზე ათიდან მხოლოდ შვიდი გუნდი ითამაშებს, მაგრამ ზაფხულში საკუთარ ქალაქს ბევრი მათგანი დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდება.