ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს

22:05, 30.05.2021

ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერი ნაფტალი ბენეტი ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას დათანხმდა.​ ლაპიდს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ვადა 2 ივნისამდე ჰქონდა.

ისრაელის მედია იუწყება, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ გაიმართა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ ერთმა პარტიამ მიიღო.

უკანასკნელი არჩევნების შემდეგ თავდაპირველად ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბება მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალეს, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, რის შემდეგაც, 5 მაისს ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს მეტოქეს, იაირ ლაპიდს დაავალა.

მსგავსი