ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად, 11 პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყების დღიდან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო, 350-მდე რაკეტა კი, თავად ღაზას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის იერიშს 126 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 31 ბავშვი და 20 ქალია. დაშავებულთა რიცხვი 950-ს აჭარბებს.

ისრაელის მხარეს კი, დანაკარგი რვას შეადგენს, მათ შორის ერთი სამხედროა, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან პატრულირებდა, ექვსი კი, მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ისრაელი მთელი დღის განმავლობაში სარაკეტო იერიშს აწარმოებდა, რის შედეგადაც, მათი ცნობით, განადგურებულია რამდენიმე კილომეტრის სიგრძის გვირაბი, რაკეტების გამშვები პოლიგონი და საბრძოლო მასალების საწყობი. ისრაელის ოპერაციაში ჩართულია 160-მდე საჰაერო ხომალდი, ისევე, როგორც ტანკები და საარტილერიო სისტემები. იერიშის ერთ-ერთი სამიზნე კი, ბანკი გახდა, რომლის საშუალებითაც ჰამასი ფულად სახსრებს იღებდა.