ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს
ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდარის შედეგად, ქალაქ აშქელონში გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალები ჩაირთო. არმიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ისრაელის რადიოს ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მდებარე ჰამასის სამხედრო საგუშაგოზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში პალესტინელმა რადიკალებმა ღაზის სექტორიდან რამდენჯერმე გაუშვეს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო ბურთები, რომელზეც ცეცხლის გამჩენი ხსნარი იყო მიმაგრებული. შედეგად, 40-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა.