ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ სირიაზე საპასუხო დარტყმები მიიტანეს
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ სირიაზე საპასუხო დარტყმები მიიტანეს

ისრაელმა სირიაზე საპასუხო დარტყმები მიიტანა. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა დარტყმები მას შემდეგ მიიტანა, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.

„განგაშის სიგნალის შემდეგ, სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გაუშვეს „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტა, რომელიც ნეგევის უდაბნოში ჩამოვარდა. საპასუხოდ, ისრაელის არმიამ იერიში განახორციელა ამ რაკეტის გამშვებ დანადგარზე“, – ნათქვამია ისრაელი არმიის ინფორმაციაში.

ისრაელის ინფორმაციით, სირიიდან გაშვებული რაკეტის გამო განგაშის სიგნალი ჩაირთო ქალაქ დიმონში, რომლის სიახლოვესაც მდებარეობს ბირთვული რეაქტორი. რაიმე სახის დაზიანებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, რომ მათ ისრაელიდან ნასროლი რაკეტების ლიკვიდაცია შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ სირიასა და ისრაელს შორის დაძაბულობას წინ უძღოდა ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ირანი გეგმავს იერიში მიიტანოს ისრაელის ქალაქ დიმონში მდებარე ბირთვულ ობიექტზე. ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნებოდა ირანის პასუხი 11 აპრილს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელიც თეირანში ტერაქტად შეაფასეს. 12 აპრილს ირანის საგარეო უწყებამ ნათანზის ობიექტზე თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა.