ისნის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად კორპუსიდან გამოყვანილი მცხოვრებლები ბინებში დაბრუნებას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებენ
ისნის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად კორპუსიდან გამოყვანილი მცხოვრებლები ბინებში დაბრუნებას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებენ

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი აცხადებს, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად კორპუსიდან გამოყვანილი მცხოვრებლები საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებენ.

მისი თქმით, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნა საბოლოო დათვალიერებიდან დაახლოებით ერთ საათში იქნება ცნობილი.

როგორც ნიკა ელისაშვილმა განაცხადა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მზიდი კედლების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.

ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ განაცხადეს, აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ, მსუბუქად დაშავებული ერთი პირი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, ხოლო დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც, ექიმების ინფორმაციით, მძიმეა.