„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ
„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან სამი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ.

„პაციენტებს ტრავმული ხასიათის დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. იყო CO-თი მოწამვლა, ასევე სტრესული ფაქტორებით გამოწვეული ტაქიკარდია და მსუბუქად გამოწვეული ინტოქსიკაცია, რაც დადასტურდა ლაბორატორიულად. გაეწიათ ადეკვატური დახმარება. ერთი მათგანი შედარებით ნაკლებად გამოხატული ინტოქსიკაციით მალე გაეწერება კლინიკიდან, დაახლოებით ერთ-ორ საათში. მძიმე არც ერთი პაციენტი არ იყო. დანარჩენი ორი პაციენტიც ასევე მალე გაეწერებიან. ორი ქალბატონია, შუახნის და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. სამივეს მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტალური პარამეტრები ნორმაშია“, – განაცხადა თერაპევტმა ვალერიან ლობჟანიძემ.

მსუბუქად დაშავებული კიდევ ერთი პირი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება დამწვრობის ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი.

დატოვე კომენტარი