„ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ის აცხადებს, რომ ბრძოლა ბაღუზისთვის დასრულებულია. ბაღუზი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი დასახლება იყო სირიაში. სოფელი ბაღუზი ტერორისტული დაჯგუფებისგან მარტის ბოლოს გაათავისუფლეს.

თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის პირველი ვიდეომიმართვა იქნება. ალ-ბაღდადის უკანასკნელი მიმართვა 2014 წლის ივლისში გავრცელდა, როდესაც ის ერაყის ქალაქ მოსულის მეჩეთში საუბრობდა. მას შემდეგ დაჯგუფებამ რამდენიმე აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ ალ-ბაღდადს ეკუთვნოდა.

როგორც ვიდეომიმართვის ავტორი ამტკიცებს, შრი-ლანკაში აღდგომას განხორციელებული აფეთქებები იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ბოღუზში დამარცხების პასუხი.

ამას გარდა, ის ახსენებს ალჟირსა და სუდანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ვიდეო გასულ კვირას არის ჩაწერილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა.