ირანის სულიერმა ლიდერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტში გავრცელებული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა
ირანის სულიერმა ლიდერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტში გავრცელებული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ინტერნეტში გავრცელებული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა.

ზარიფი გასულ წელს გაკეთებულ ჩანაწერში ამბობს, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ქუდსის ძალების“ მეთაურს, ყასემ სოლეიმანის ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ბირთვულ დოსიეზე მასზე დიდი გავლენა ჰქონდა.

აიათოლა ალი ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვისას ზარიფი სახელით არ მოიხსენია, მაგრამ მის კომენტარზე თქვა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, როგორიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არ უნდა დაუშვას.

„მსოფლიოში არსად საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. არიან უფრო მაღალი რანგის ოფიციალური პირები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ამაში საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობს“, – განაცხადა ხამენეიმ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ირანის სულიერი ლიდერის მიმართვის შემდეგ, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გავრცელებული ინტერვიუს გამო ბოდიში მოიხადა. გენერალი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის იანვარში ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად მოკლეს.