ირანის ჯანდაცვის უწყება - რთული დღეები იწყება, უნდა მოვემზადოთ ვირუსის მუტირებული ვარიანტის უკონტროლო გავრცელებისთვის
ირანის ჯანდაცვის უწყება - რთული დღეები იწყება, უნდა მოვემზადოთ ვირუსის მუტირებული ვარიანტის უკონტროლო გავრცელებისთვის

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას კორონავირუსის მეოთხე ტალღა ემუქრება. ამის მიზეზად სამინისტროში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობების გავრცელება დაასახელეს.

„ჩვენთვის რთული დღეები იწყება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ვირუსის მუტირებული ვარიანტის უკონტროლო გავრცელებისთვის“, – განაცხადეს ირანის ჯანდაცვის სამინისტროში.

როიტერის ცნობით, მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოთხ ქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდა, რის გამოც, ეს დასახლებული პუნქტები „წითელ ზონებად“ გამოაცხადეს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ირანში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მასობრივ შეკრებებში მონაწილეობისგან.

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით, 20 მარტამდე 1,3 მილიონი ადამიანი აიცრება.

ირანში პანდემიის განმავლობაში 1,5 მილიონი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა 58 883 პირი.

დატოვე კომენტარი