ირაკლი უგულავა - პროკურატურას არ აქვს არგუმენტები ჩემი დასკვნის წინააღმდეგ და ცდილობს ჩემი პიროვნების გაშავებას
ირაკლი უგულავა - პროკურატურას არ აქვს არგუმენტები ჩემი დასკვნის წინააღმდეგ და ცდილობს ჩემი პიროვნების გაშავებას

დავით გარეჯის საქმეზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის ავტორი, ირაკლი უგულავა აცხადებს, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა შესრულებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომ არსებული ხარვეზები არ იძლევა მათი გამოყენების საშუალებას.

მისივე თქმით, აღნიშნულ რუკაზე ცდომილება დასაშვებ ზღვარს სცდება.

„საექსპერტო დასკვნის გაკეთებისთვის მომმართეს ბრალდებულების ადვოკატებმა. მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი მხრიდან ვერდიქტი არის შემდეგი: ამ რუკების გამოყენება იმ მიზნით რომ მოხდეს, მანძილების შეფასება და წერტილების ერთმანეთთან დაშორების შეფასება არის მიუღებელი, რადგან ისინი შესრულებულია მოძველებულ კარტოგრაფიულ პროექციაში და არ იძლევა ამის საშუალებას. შემოწმება მოხდა შემდეგნაირად: ავიღეთ საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო ზუსტ რუკაზე  ანალოგიურად აღებულ საკონტროლო წერტილებს. გარდა ამისა, არ ემთხვევა რეალურად ადგილზე აღებულ საკონტროლო წერტილებს. ეს არ დამთხვევა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანუ ის სცდება დასაშვებ ზღვარს. 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა შესრულებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, დამახინჯებები არ იძლევა მათი გამოყენების საშუალებას ამ საქმისთვის. ამ რუკის შიდა ნაწილი არის სხვადასხვა მხარეს გაწეულ-გამოწეული. შეუძლებელია, მაგ რუკით ერთი პუნქტი დასვა სწორად, მაგრამ სხვაგან მიიღებ დრამატულ აცილებას.

ომის შემდეგ, თუ არ ვცდები 1947 წლიდან, რუკების შედგენა უკვე გადავიდა ახალ პროექციაზე და ის რუკები უკვე ემთხვევა რეალობას, მასშტაბიდან გამომდინარე. ანუ ყველა მასშტაბს გააჩნია თავისი ზღვრული ცდომილება და რუკა უნდა იჯდეს ამ ზღვრულ ცდომილებაში, რათა ის გამოიყენო“, – განაცხადა ირაკლი უგულავამ.

ის ასევე გამოეხმაურა საქმის პროკურორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუკაზე საექსპერტო დასკვნა დარგის სპეციალისტს უნდა მოემზადებინა.

ირაკლი უგულავას განცხადებით, ბრალდების მხარე „მის გაშავებას ცდილობს.“

„ძალიან სამწუხაროა, რადგან პროკურორი არის იურისტი, აქვს იურიდიული განათლება, მას კანონების ცოდნა მოეთხოვება ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მე. მე კარტოგრაფი ვარ, გეოგრაფი სპეციალობით და მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს სავალდებულო ლიცენზირებას,  კანონში ასე წერია. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ არგუმენტები ამ დასკვნის წინააღმდეგ და ცდილობენ ჩემი პიროვნების გაშავებას და ცუდად წარმოჩენას. იყენებენ ისეთ მდაბიო არგუმენტებს, რომ თითქოს მე ვარ გიგი უგულავას ძმა. დიახ, მე ვარ მისი ძმა, მაგრამ ეს მგონი არც დასაძრახია და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე  მიუთითებს.

ოფიციალურად ექსპერტი რას ნიშნავს, არ ვიცი. ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად ექსპერტი ვინ არის? ჩემი საქმიანობა არის გეო-საინფორმაციო სისტემები და კარტოგრაფია. 21 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, განათლებით ვარ გეოგრაფი და მაქვს გეოგრაფის დიპლომი“, – განაცხადა ირაკლი უგულავამ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას.

ამასთან, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „დაცვის მხარემ დავით გარეჯის საქმეზე გიგი უგულავას ძმის მიერ მომზადებული კვაზი ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა“.