პროკურორი - დაცვის მხარემ დავით გარეჯის საქმეზე გიგი უგულავას ძმის მიერ მომზადებული კვაზი ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა
პროკურორი - დაცვის მხარემ დავით გარეჯის საქმეზე გიგი უგულავას ძმის მიერ მომზადებული კვაზი ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

მისივე თქმით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და შესაბამისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

„რაც შეეხება მოტივს, მოტივთან დაკავშირებით კონკრეტული მიმართულებები არის გამოკვეთილი. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ დღეის მდგომარეობით და როდესაც გამოძიება დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობებთ“, – აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, პროკურორის განცხადებით, ის შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ, პროკურორის განმარტებით, დასკვნა გიგი უგულავას ძმამ მოამზადა და ის „კვაზი ექსპერტიზის დასკვნაა“.

„ეს თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, შინაარსობრივად და ყველა რეკვიზიტით ის არ არის და ვერც იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ეს დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგინეს, კვაზი ექსპერტიზის დასკვნაა, გიგი უგულავას ძმის, შინაარსობრივად ეს არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნას აქვს შესაბამისი სტანდარტები. რა მეთოდები იქნა გამოყენებული, რა ლიტერატურა, ეს არ არის მითითებული. ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული და ბუნებრივია, ამ დარგის სოეციალისტმა უნდა შეასრულოს.

ივერი მელაშვილის ადვოკატები ხშირად აცხადებენ, თითქოსდა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება. რვა ოქტომბრის შემდეგ უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ ჩვენ და რვა ოქტომბრის შემდეგ მათ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე საუბრის დროს, გამოკვლევით ნაწილს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არსებობს ობიექტური მოცემულობა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, მტკიცებულებები, თუმცა ამის საპირისპიროდ რასაც საუბრობს დაცვის მხარე, ემსახურება საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და ამ საქმის პოლიტიზების მცდელობას წააგავს“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ექპერტიზის დასკვნაში წერია ის, რაც არ წყობს პროკურატურას.

„დავადასტურებ, რომ ექსპერტი არის ბატონი ირაკლი უგულავა. ის არის გეო-საინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი, მას აქვს მუშაობის 21- წლიანი სტაჟი. მთავარია, ამ დასკვნაში წერია ის, რაც პროკურატურას არ აწყობს. გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურამ არ მიიჩნია ეს დასკვნა მნიშვნელოვნად. ამ დასკვნებს ჩვენ არსებით სხდომაზეც წარვადგენთ, ძალიან ბევრი ექსპერტი, რომელიც პროკურატურას ჰყავს ჩართული, არ არის კარტოგრაფი“, – განაცხადა ადვოკატმა.