ირაკლი სიხარულიძე - „ლოკომოტივი“ ნამდვილად დავტოვე, მიზეზი ფინანსური პრობლემებია #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“, მთავარი მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა დატოვა, მათ შორის ირაკლი სიხარულიძემ – საქართველოს არხთან ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.
„დიახ, გუნდი დავტოვე. მე ზუსტად არ ვიცი, ვინ წამოვიდა კიდევ, რადგან ეს ამბავი ახლა შევიტყვე და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მაგრამ ვიცი, საკმაოდ ბევრი წამოვიდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი სიხარულიძემ.
მისი თქმით, გუნდში უთხრეს, რომ მომხდარის მიზეზი „ლოკომოტივის“ ფინანსური მდგომარეობაა.
„რაც გვითხრეს, გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამის გამო მოხდა ყველაფერი. მაგრამ ზუსტად ამაზე კლუბი ისაუბრებს. სამწუხაროა, რაც მოხდა, რადგან კარგი, ერთსულოვანი გუნდი ვიყავით“.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, „ლოკომოტივი“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
ამის შემდეგ კი გავრცელდა ხმები, რომ გუნდიდან წამყვანი მოთამაშეებიც წავიდნენ – გიორგი გაბაძე, ნიკა სანდოხაძე, სანდრო გურეშიძე, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი, თემურ შონია, თორნიკე კირკიტაძე, ბექა დარცმელია, კახა კახაბრიშვილი, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ასევე ლეგიონერები მარკ სპეკელნიკი და ადამა ვადე.