მამია გავაშელიშვილი - „ლოკომოტივში“ დაბრუნებაზე ბევრი არ მიფიქრია #1TVSPORT
მამია გავაშელიშვილი - „ლოკომოტივში“ დაბრუნებაზე ბევრი არ მიფიქრია #1TVSPORT

2024 წლის სეზონის დაწყებამდე მამია გავაშელიშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. ის გუნდში 2014-2021 წლებში ირიცხებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო. 28 წლის თავდამსხმელი ბოლოს ფოთის „კოლხეთში“ თამაშობდა და ამბობს, რომ თბილისურ კლუბში დაბრუნება მისთვის მნიშვნელოვანი და ემოციური ნაბიჯია.

„ჩემთვის „ლოკომოტივი“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს გუნდი მეორე ოჯახივითაა. 18 წლის ასაკში გადმოვედი და აქ დავიწყე საფეხბურთო კარიერა, ბევრი წარმატება მქონდა. გუნდიც მუდამ გვერდით მედგა და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

„ლოკომოტივში“ ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე. პირველ ლიგაში ასპარეზობისას სეზონში 46 გოლი გავიტანე და ამით გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარე. ასევე, არ დამავიწყდება მოსკოვის „დინამოსთან“ ევროპის ლიგაზე გამარჯვება და ჩემი გოლი – მაშინ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი ფეხბურთს. ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში ეს საუკეთესო მომენტი იყო.

გადაწყვეტილებაზე დიდი მნიშვნელობა იქონია კლუბის პრეზიდენტის, ლექსო თოფურიასა და მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის ფაქტორმა. გოცირიძესთან აქამდე არ მიმუშავია, შორიდან ვიცნობდი, ახლა კი მასთან საუბრის შემდეგ დაბრუნებაზე ბევრი არც მიფიქრია. გუნდში ნაცნობი ვითარებაა და ვთვლი, რომ ადაპტაციაც არ გამიჭირდება.

„ლოკომოტივიში“ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან. გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს და ვფიქრობ, მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ეს გუნდი იმსახურებს უფრო მაღალ ლიგაში თამაშს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს მამია გავაშელიშვილი.