ირაკლი მეზურნიშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა სურდეს 
ირაკლი მეზურნიშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა სურდეს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი არ გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკაში მოსვლა სურდეს.

როგორც პირველ არხს მეზურნიშვილმა განუცხადა, ხაზარაძემ სასამართლოს მუქარის შემცველი წერილის ნაცვლად კომპიუტერიდან ამობეჭდილი ფურცელი წარუდგინა.

„რომელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზეა საუბარი, როცა პროკურორმა თქვა, რომ ხაზარაძემ კომპიუტერიდან ამობეჭდილი ფურცელი წარადგინა, რომლის დაბეჭდვაც ხუთ წუთში ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია. წერილზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არის, არც ბლანკია, არც ხელმოწერაა. მისი მხრიდან ასეთი ფურცლით მანიპულირება და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ცოტა უხერხული და არასერიოზულია, რადგან ოთხი საათის განმავლობაში, საკომიტეტო მოსმენისას უბრალო ფურცელზე ვმსჯელობდით. ხაზარაძეს არაერთხელ ვთხოვეთ, რომ წერილი გაესაჯაროებინა და ჩვენთვის ეჩვენებინა, რაც არ გააკეთა. მოლოდინი იყო, რომ ხაზარაძე მამხილებელ დოკუმენტს წარადგენდა და მინიმუმ უხერხულია, როცა დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვს, საიდანაც შეიძლება ავთენტურობა დავინახოთ“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დეპუტატი მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს, ის შუამავალი დაასახელოს, ვინც მას წერილი გადასცა.

„მან არ უპასუხა იმას, ვინ იყო შუამავალი. ძალიან მნიშვნელოვანია დაასახელოს, ვინ იყო შუამავალი, რადგან წარმოუდგენელია, ასეთი ფურცლის გადაცემა. ისიც კი არ ვიცით, რა ფორმაა – ელექტრონულია, სმს შეტყობინება იყო, თუ რა. ფორმაც კი არ დაასახელა. ეს ყველაფერი ჯერ არასერიოზულია. რაც შეეხება პოლიტიკაში მისი მოსვლის საკითხს, ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლა და დივიდენდების მიღება სურს, უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკას ასეთი არასერიოზული ნაბიჯით არ იწყებენ. ფარატინა ფურცლით ქარიშხლის დატრიალება და შს მინისტრის მიმართ ტალახის სროლა, პოლიტიკის დაწყებისა და წარმატებული კარიერის საფუძველი ვერ ექნება. არაფერს გამოვრიცხავ, ეს მისი სურვილია. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ნებისმიერ ადამიანს იმის უფლება აქვს, პოლიტიკაში წავიდეს“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გუშინ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვაზე მის მიერ ნახსენები წერილის ასლი წარადგინა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.