ირაკლი მელაშვილი - ფაქტობრივად, ახლა გვაქვს პოლიტიკურად ორად გაყოფილი ქვეყანა
ფაქტობრივად, ახლა გვაქვს პოლიტიკურად ორად გაყოფილი ქვეყანა, – ამის შესახებ ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.
„პროპორციულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ძალაუფლებაზე პრეტენზიას ორი პარტია აცხადებს. ერთს 52% ვერ იტანს, მეორეს კი 70%. მე ვლაპარაკობ იმ პარტიებზე, ვინც პირველ ორ ადგილზეა და ვინც ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებს. კი, ბატონო, სხვა პარტიებიც არიან, 2-3-4%-ით და გახარია 7%-ით, მაგრამ ვინც რეალურად პრეტენზიას აცხადებს, ერთსაც და მეორესაც უზარმაზარი ანტირეიტინგი აქვს საზოგადოებაში“, – განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, იმ ამომრჩევლის მობილიზება მოეხდინა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური სარჩო – სააკაშვილი არ გვინდა, ვერ გამოკვებავს, მაგრამ პარტიამ მეორე ტურის წინ თავისი რიტორიკა იმდენად ხისტი გახადა, რომ უბრალოდ, შეუძლებელი გახდა დანარჩენი, შედარებით ნეიტრალური ხმების მოზიდვა.
„ჩემი აზრით, პირიქით, განზიდვა მოხდა ხმების რაღაც ნაწილის. მე არ ვიცი, რა შედეგები იქნება და ძალიან საინტერესო იქნება შედარება, რამდენი ხმა აიღეს პირველ ტურში და რამდენი მეორეში“, – განაცხადა მელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ შესაძლოა, ოპოზიციას პირველ ტურთან შედარებით გაცილებით მეტი ხმა ჰქონდეს, მელაშვილმა განაცხადა, რომ ეს ფაქტია.
„მე ვფიქრობ, ეს უკვე ფაქტია. პროცენტულად შეხედეთ, ყველგან ბრძოლაა. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ეგზიტპოლის შედეგი გამართლდება და ვინმე 5-0-ს ნულს მოიგებს ან აქეთ, ან იქით. მე მგონი, ამ არჩევნებს 5-0-ს ვერც ერთი ვერ მოიგებს. საქართველოში ყოველთვის ასე იყო – ერთია, ხმას როგორ აძლევენ, მაგრამ მეორეა, ხმებს როგორ ითვლიან. სტალინის ცნობილი ფორმულაა, ხომ?! არ ვიცი, როგორ დაითვლიან, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული საფიქრალი აქვს, რომ მხოლოდ ნეგატივზე აგებული კამპანიით, რაც მთელი ეს პერიოდი იყო, პოლიტიკაში ფონს ვეღარ გავა“, – განაცხადა მელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო ოპოზიციის მიერ მეორე ტურის წინ სტრატეგიის შეცვლა, როდესაც მათ ამომრჩევლებთან შეხვედრები და კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი დაიწყეს, მელაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები იყო და ბუნებრივია, წინა პლანზე დადგა ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, თუმცა, ეს საკითხები ძალიან პოპულისტურად იყო დაყენებული.
„არ მგონია, რომ ამან მაგალითად, მელიას მოუტანა ბევრი ხმა. იმიტომ, რომ თუ იმ კოალიციურ კაბინეტს გადავხედავთ, რომელიც წარმოადგინეს, იქიდან ყველა ან ლიბერტარიანელია ან ლიბერალი და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – მემარჯვენე ცენტრისტი. ყველა დაპირება და ლოზუნგი, რომელიც ისროლეს, იყო რადიკალურად მემარცხენე, შალვა ნათელაშვილსაც რომ შეშურდებოდა, ისეთი. ოპოზიცია ერთი უბედურებიდან მეორეში გადავარდა. პირველი ტური ისე ჩაატარეს, რომ თვითმმართველობასთან საერთოდ არ ჰქონდათ შეხება“, – განაცხადა მელაშვილმა.
როგორც მელაშვილმა აღნიშნა, კარგია, თუ ოპოზიციას მიეცემა საშუალება, რომ საკუთარი თავი სადღაც-სადღაც წარმოაჩინოს, როგორ შეძლებს ამ ვითარებაში მართვას.
„იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივდივართ იმ სისტემით, რომ ქვეყანაში არსებობს ერთი გამარჯვებული, რომელსაც ყველაფერი უჭირავს ხელში, სოფლის რწმუნებულიდან დაწყებული, პრეზიდენტით და პრემიერით დამთავრებული, დანარჩენი კი, ყველა დამარცხებულია, ეს არ ივარგებს“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.