ირაკლი კობახიძე - მჯერა, ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის არჩევნები ბევრად ჯანსაღ გარემოში ჩატარდება
ირაკლი კობახიძე - მჯერა, ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის არჩევნები ბევრად ჯანსაღ გარემოში ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მან განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს დასრულდა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც.

„ამ წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამაც და ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ეს იყო 6 თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე. ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი ქვეყნისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩვენების შედეგი. ამ შედეგმა არა მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ არამედ დაამტკიცა, რომ ექვსთვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებით ეუთო – ოდირი-ს მისიას არჩევნებზე დაკვირვებისთვის და დადებითი შეფასებისთვის.

„ამ არჩვენების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალზე მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო. ჩვენი ვალია ეს ვითარება მომდევნო არჩვენებამდე თვისებრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა უნდა გადაერთონ  იმ საკითხებზე მსჯელობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის ეკონომიკური  განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის საკითხები, საგარეო პოლიტიკა.

„შემდეგ სამ წელიწადს ექნება საკვანძო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტარს, რომელიც არ მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესების კარნახით, ვთავაზობთ აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო დებატებში ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. „მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გავამართლოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.