დავით ზალკალიანი - ჩვენმა მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს სტაბილური განვითარებისთვის
დავით ზალკალიანი - ჩვენმა მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს სტაბილური განვითარებისთვის

ოცნების გამარჯვებულ ყველა კანდიდატს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ რთული და საპასუხისმგებლო მისიის აღსრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ წერს.

ზალკალიანის თქმით, მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს სტაბილური განვითარებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს ყველაფერი არის ხელშესახები და ჩვენი თანამოქალაქეები ამას ძალიან კარგად ამჩნევენ. აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში. სწორედ ამ პროექტების განგრძობითობას და თბილისის ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად გარდაქმნას მივეცი ხმა. ჩვენმა მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს სწორედ ამ სტაბილური განვითარებისთვის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო შევედით ხელოვნურ კრიზისში, რაც იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა, იყო დაუშვებელი მისი განვითარებისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს გამოწვევები უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების, პანდემიისა და ეკონომიკის მიმართებით, არსებული სიტუაცია მოითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების, ასევე ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, რადგან ეს არის საერთო გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს და საპირისპიროს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში.

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა ამ ყველაფერს და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ არჩევნები არ გვექნება, ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული უშუალოდ გასაკეთებელ საქმეზე – ქალაქის განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და მთავრობის მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – წერს დავით ზალკალიანი.

დატოვე კომენტარი