ირაკლი მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა [ვიდეო]
ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც სამ დისციპლინაში გამოდიან საქართველოს ნაკრების წევრები.
უკვე დაასრულეს გამოსვლა კაცებმა, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდა ირაკლი მაისურაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, ის 76.46 ქულით მე-11 ადგილზე იყო, თუმცა, თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთესად გამოვიდა, 141.32 ქულით მეშვიდე პოზიცია დაიკავა და ჯამში 217.78 ქულა დააგროვა.
საბოლოოდ, მაისურაძემ ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. შარშან, ქართველმა მოციგურავემ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.
გოგონებს შორის ასპარეზობს ალინა ურუშაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, მას 52.53 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.
ცეკვებში კარგი პერსპექტივები აქვს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას. პირველი სახეობის – რითმული ცეკვების შემდეგ, ქართული წყვილი 60.08 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ცეკვებსა და გოგონებში ჩემპიონები შაბათს გამოვლინდებიან.