ირაკლი კობახიძე - სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი
ირაკლი კობახიძე - სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი

სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური საკითხების მოწესრიგებასა და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას ეუთო-ს რეკომენდაციები ითვალისწინებდა, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეთავაზებულია რამდენიმე ახალი რეგულაცია, რაც ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება.

„27 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებდა სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური საკითხების მოწესრიგებას და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. ეს იყო მათი რეკომენდაცია. ეს ყველაფერი მაქსიმალურად რბილი ფორმით არის ასახული კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ აქვს აჟიოტაჟს. მარტივად იწერება საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ თუ რამე სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას, ის ვერ გავრცელდება. მხოლოდ ამაზე არის საუბარი. თუ გვინდა, სიძულვილის ენა და ქსენოფობია სრულად დავუშვათ, რაც ისედაც არ გვაკლია საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესში, შეგვიძლია, ესეც არ ჩავწეროთ, მაგრამ ეუთო-ს რეკომენდაციაა რომ ჩავწეროთ და აჟიოტაჟი რას ეფუძნება, გაუგებარია. სიძულვილის ენას ერთი, ვიწრო კონვენციული განმარტება აქვს, რომლის მიხედვით, დისკრიმინაციული ნიშნით უნდა შეიცავდეს შესაბამის გამონათქვამს, თუ ხდება მითითება ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე და ა.შ. ვიცით, დისკრიმინაციული ნიშნები რა არის. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ დეტალურად ავსახოთ დეფინიცია კანონმდებლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატის შეფასებით, აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ გამონათქვამებს, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია, ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, სიძულვილის ენა და ქსენოფობიაა, ადამიანის კრიტიკა მისი ეთნიკური წარმომავლობით. საუბარია მხოლოდ სააგიტაციო მასალის გაშვებაზე, საარჩევნო რგოლებზე. შემთხვევა იყო, როცა ეთერში პოლიტიკური კლიპი დატრიალდა, რომელიც პრორუსული განცხადებების შემცველი იყო და სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიას ვალდებულება უნდა ჰქონდეს, კლიპის შინაარსი გადაამოწმოს. იცით „ოდირი“ რას გვეუბნება? ისეთი შინაარსი არ უნდა იყო კლიპში, რომელიც არის სიძულვილის ენის ან ქსენოფობიის შემცველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს საკითხია დასარეგულირებელი.

„კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ. გუშინ ვთქვი, რომ კონკრეტულ პარტიას კრიმინალური წარსული აქვს, ეს არის თავსებადი გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ ეტაპზე, მოვერიდეთ სანქციის დაწესებას, თუ კლიპი განთავსდება და კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. სანქციის გაწერას ჯერ მოვერიდეთ, მაგრამ მოსაზრება თუ იქნება, რომ რეაგირების მექანიზმი უნდა იყოს, შეგვიძლია, ამაზეც ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

„განსაკუთრებული ახალი არაფერი შემოგვაქვს, ემატება სიძულვილის ენა და ქსენოფობია, რაც ყველამ ვიცით, რომ ცუდი რამეა. ვთქვათ, რესპუბლიკური მოძრაობა რომ ავიღოთ – ტელევიზიაში მიდის და მიაქვს 30 წამიანი კლიპი, რომელიც შეიძლება, მთლიანად პორნოგრაფია იყოს. მედიას დღესაც ევალება შეამოწმოს, ეს თავსებადია თუ არა კანონმდებლობასთან და უნდა გაუშვას თუ არა. კანონში აღნიშნული დღესაც წერია. ესეც გამოხატვის შეზღუდვაა, იქნებ, იმ პარტიას უნდა ეთერში გაშვება და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავთ, რათა სხვა ინტერესები დავიცვათ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ტელევიზიის ეთერში. აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ რომ არ მიიტანოს კლიპი, რომ ამ ეროვნების ადამიანები უნდა ავყაროთ საქართველოდან. ეს არის ცუდი, ამიტომ მედია საშუალებამ უნდა გადაამოწმოს და ეთერში არც ქსენოფობია და სიძულვილის ენა არ უნდა დაუშვას. გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება“, – განმარტა კობახიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.