ირაკლი ბერიძემ გუნდი დატოვა - ქობულეთი და ქობულეთის „შუქურა“ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა #1TVSPORT
ბოლო დღეებში ქობულეთის „შუქურას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კლუბის დირექტორმა, ირაკლი ბერიძემ თანამდებობა დატოვა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„კლუბმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა მთელი ჩემპიონატი და გახდა ლიგა 2-ის ჩემპიონი ვადაზე გაცილებით ადრე, რაც იმის შედეგია, რომ ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაცია, დირექცია იყო ერთიანი ჯაჭვი და ყველაფერს ცდილობდა, გაეკეთებინა ისე, რომ ეს შედეგი დამდგარიყო – როგორც ნახეთ, დადგა. უდიდესი სამუშაო გაწიეს ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა, რაც მათ მიმართ ადგილობრივი და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით „შუქურას“ გულშემატკივრების საყოველთაო სიმპატიით გამოიხატა კიდეც, მადლობა მათ ამისათვის. ასევე მადლობა სხვა დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებაში.
რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთთან დაკავშირებული საორგანიზაციო და სამეურნეო საკითხების მოგვარებისას არსებულ სირთულეებსა და ხარჯებზე, სახელფასო დავალიანების პრობლემა არ ახალია. თუმცა, წლის დასრულება ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიმართ სამთვიანი სახელფასო დავალიანებით, კარს მომდგარი ახალი წლის დღეებში ყველანაირ ზღვარს სცდება. მმართველი კომპანიისათვის კლუბის ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიერ შეთავაზებული შემხვედრი ნაბიჯი, რომ საახალწლოდ ნაწილობრივ მაინც გადაეჭრათ დავალიანების საკითხი, დაპირებების მიუხედავად, არ იქნა შესრულებული. ქობულეთი და ქობულეთის „შუქურა“ არ იმსახურებდა ისეთ მოპყრობას, როგორის წინაშეც აღმოჩნდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულად ვიზიარებ როგორც ფეხბურთელების, სხვა თანამშრომლების, ასევე ამ კლუბის ყველა გულშემატკივრის გულისწყრომას და სოლიდარობას ვუცხადებ მათ – მე, როგორც ამ კლუბის ხელმძღვანელი, ვტოვებ შპს საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორის თანამდებობას“.