ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ
საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეების საინიციატივო ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და ოპონენტების განცხადებას გამოეხმაურა.
მათი თქმით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატ სოსო ტყემალაძის მხარდამჭერებმა მათი მისამართით ცრუ ბრალდებები გააჟღერეს და დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულეს, ასევე თქვეს, რომ რაგბის სამყაროს უმრავლესობა სწორედ ტყემალაძეს უჭერს მხარს.
ბობა კვინიხაძის და მამუკა ნამიჩეიშვილის თქმით, ეს სიცრუეა და რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.