ირაკლი აბუსერიძე - ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება
„ბორჯღალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი მხარდამჭერები „საქართველოს რაგბის კავშირში“ ხვალ გასამართ საერთო კრებას არ დაესწრებიან, რადგან მას არალეგიტიმურად ცნობენ. შესაბამისად, ვერ შედგება „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტის არჩევისათვის საჭირო ქვორუმი.
გთავაზობთ მონაკვეთს ირაკლი აბუსერიძის განცხადებიდან:
„მე, „ბორჯღალოსანი“ კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი! ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება!“.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ განმეორებით ყრილობაზე ირაკლი აბუსერიძე შეკრებილმა დელეგატებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა შემდგომ საქართველოს საჯარო რეესტრმა შეაჩერა განცხადება, რომლითაც „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანი მისი „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციას ითხოვდა.
საქართველოს საჯარო რეესტრის განმარტებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდების მიხედვით მაშინ, როდესაც კრება ქვორუმის არ არსებობის გამო განმეორებით ინიშნება, ის 30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული პირობა დარღვეული იყო, რადგან ყრილობა 10 თვის შემდეგ დაინიშნა და სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.