ირაკლი აბესაძე - გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საპარლამენტო საქმიანობა
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საპარლამენტო საქმიანობა.
„მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, უპირველესად, როდესაც მინისტრები მიზანმიმართულად და უხეშად არღვევდნენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და არ ასრულებდნენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში და შეკითხვებზე პასუხი გაეცათ, თუნდაც უმცირესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არც ერთხელ არ მობრძანებულა პარლამენტში შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. ასე რომ, დღეს არაფერი თავმოსაწონებელი ბატონ კობახიძეს თავის გამოსვლაში არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშით უნდა წარდგეს.
აბესაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურისა და შალვა თადუმაძის მისვლას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და მთავარმა პროკურორმა დეტალურად უნდა ისაუბრონ და პასუხები გასცენ დეპუტატების შეკითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსხველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიება. ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა ასევე უნდა გასცეს პასუხი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნაში დასმულ საკითხებს.
„ისინი ვალდებულნი არიან, განმარტებები აკეთონ უპირველესად იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომლითაც პოლიტიკური ბრძოლა „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა და აქამდე არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. ბატონმა თადუმაძემ ასევე პასუხი უნდა გასცეს ხორავას საქმესთან დაკავშირებით და საგამოძიებო კომისიის შედეგებზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება.