იოსებ ბაღათურია ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა და სპორტის სამინისტროს სახელით მათ გამარჯვებები უსურვა
პარიზში ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ოლიმპიურ სოფელში შეხვდა.
იოსებ ბაღათურია ქართველ ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებსა და ექიმებს გაესაუბრა, გაეცნო ასპარეზობისთვის სპორტსმენების მზადების პროცესს. სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაზე უკვე გამოვიდნენ, სპორტის სამინისტროს სახელით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ კი, ვინც ოლიმპიადაზე ასპარეზობას განაგრძობენ, გამარჯვებები უსურვა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.
საქართველოს ღირსებას პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ძალოსნები – ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+102 კგ) დაიცავენ.