იოახიმ ლიოვი - მოტივირებული ვარ ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კომენტარი გაუკეთა ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ის თავის პოსტს დატოვებს.
„მე ამ ნაბიჯზე შეგნებულად მივდივარ. ჯერაც საკმარისად ვარ მოტივირებული ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე. ამაყი ვარ, რადგან მომიწია ეროვნულ გუნდში მუშაობა. ნაკრებში უკვე 17 წელია ვარ და ამ დროის განმავლობაში იყო დასანანი წაგებები და შესანიშნავი გამარჯვებები.
ევრო 2020-ის წინ ვგრძნობ წარმატების დიდ სურვილს. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ გულშემატკივრები გავახარო“, – განაცხადა იოახიმ ლიოვმა.
61 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოიგო ვერცხლი ევრო 2008-ზე და მესამე ადგილზე გავიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, აგრეთვე, ევრო 2012-ზე და ევრო 2016-ზე.
ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ჯამში 188 მატჩი ჩაატარა, 120 მოიგო, 31 წააგო და 37-ჯერ ფრედ ითამაშა.