ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ნოემბრის, თიბისი რაგბის სერიებით კმაყოფილია. მას განსაკუთრებით გუნდის ფიზიკური მდგომარეობა და დებიუტანტების თამაში მოეწონა.
ის ამბობს, რომ ექსპერიმენტები თებერვალ-მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.
– საქართველოს ნაკრები სულ შერკინებით თამაშობდა, ამ ტესტებზე კი ყველაფერი შეიცვალა – ხელითაც კარგად ვითამაშეთ. რა იყო ამის მიზეზი, ტაქტიკის ცვლილება, თუ ახალმა მოთამაშეებმა მოგვცეს ამის გაკეთების საშუალება?
– სამწვრთნელო შტაბში ცვლილება მოხდა, რიჩარდ გრემი წავიდა და ნაწილობრივ ტაქტიკაც შეიცვალა. მჯეროდა, რომ ბურთის შენახვა და მეტოქისთვის ჩვენი თამაშის თავზე მოხვევა შეგვეძლო. ასეთი ტაქტიკით თამაშისთვის აუცილებელია, რომ საჭირო ადგილას, საჭირო მოთამაშეები გყავდეს… ახალგაზრდებმა გაამართლეს, თედო აბჟანდაძემ კარგად ათამაშა გუნდი, ლაშა ხმალაძეც კარგი იყო 15 ნომრის პოზიციაზე. როდესაც გყავს მორაგბეები, რომლებსაც პასის გაშვება და ბურთის დაჭერა შეუძლიათ, საშუალება გეძლევა შეტევის სტრუქტურა ჩამოაყალიბო. შეტევა გამოგვივიდა იტალიასთან, უკეთესი იყო სამოასთან მეორე ტაიმში და ტონგასთან.
– იტალიას პირველ ნახევარში ბურთი და ტერიტორია დავუთმეთ. ეს ასე იყო ჩაფიქრებული?
– არა, წნეხში ვერ მოვაქციეთ და მომენტები ვერ შევქმენით. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ, რომ მეტოქე მთელი თამაშის განმავლობაში წნეხში გვყავდეს.
– 60 წუთის მერე იტალია გატეხილი ჩანდა და ჩვენ მოვუმატეთ…
– მეორე ტაიმში იტალიას ბევრი არაფერი შეუქმნია, მანამდე კი მარტივი ლელოები მივიღეთ. მათ 15 საუკეთესო მორაგბე გამოგვიყვანეს, ჩვენ კი შვიდი ისეთი მოთამაშე გვაკლდა, რომელიც ალბათ, მოედანზე იქნებოდნენ. ჩამორჩენა დიდი იყო, ამიტომ, რაგბის თამაში ვცადეთ. ბოლოს ორი რეალური მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ერთი ლელო მაინც რომ დაგვედო, მოგების რეალური შანსი გაჩნდებოდა, მაგრამ მთლიანობაში რომ შევხედოთ, საჭირო დროს საჭირო პასი ვერ გავაკეთეთ, როცა გვჭირდებოდა, ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, ამიტომ შედეგი ლოგიკური იყო. მსოფლიო თასზე ასეთი შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ.
– შალვა სუთიაშვილი სამივე თამაშში ძალიან კარგად შემოვიდა და დიდი გავლენა მოახდინა. ეს თქვენი ჩანაფიქრი იყო?
– გუნდში ყველას თავისი როლი აქვს და ჩვენ შალვას როლს ამაში ვხედავთ. მისი მარქაფიდან შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშისას ვაკვირდებით, ვინ როგორ თამაშობს და შალვაც საჭირო მომენტში შეგვყავს. ის ორ პოზიციას ფარავს. ეს ჩანაფიქრი ამართლებს და თან დარწმუნებული არ ვარ, დამწყები რომ იყოს, ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა.
– ლაშა ხმალაძემ იტალიასთან 17 ბოჭვა შეასრულა. მგეზავისთვის ეს ძალიან ბევრია. რა მოხდა?
– ეს იტალიელთა ტაქტიკა იყო, #10-ის ზონაში დარტყმა. ისინი ამას 6 ერშიც ხშირად აკეთებენ, მაგრამ ლაშა დაცვაში კარგია და ბოჭვის გაკეთებისაც არ ეშინია. რა თქმა უნდა, ეს ნორმა არ არის და არ გვინდა, რომ ლაშა ამდენ ბოჭვას აკეთებდეს. გვირჩევნია, გუნდი შეტევაში დაგეზოს, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია.
– შეუძლია 10 ნომერს იზრუნოს შეტევაზე, როდესაც ამდენ ბოჭვას გააკეთებს?
– რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. თუ დააკვირდით, ტონგამაც ხშირად გვიტია მგეზავის არხში. ამას ბევრი გუნდი აკეთებს და უნდა შევეგუოთ.
– სამოასთან, მატჩის დასაწყისში გვეგონა, რომ გავნადგურდებოდით, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა. რა მოხდა, რამე ცვლილებამ გაამართლა, თუ უბრალოდ სამოამ შეგვიწყო ხელი?
– პირველი ტაიმის ბოლოდანვე ჩანდა, რომ სამოა დაიღალა და ჩვენი წნეხი ამართლებდა. შესვენებისას ბიჭებს ვუთხარით, რომ ეს წნეხი უფრო გაეზარდათ, ბურთს მეტად მოფრთხილებოდნენ და შედეგიც არ დააყოვნებდა. ასეც მოხდა. თავიდან ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდ დროს ვატარებდით, ამიტომაც იყო საჭირო ბურთის შენარჩუნება, რათა თამაში მათ ნახევარზე გადაგვეტანა და ეს მოვახერხეთ კიდეც. პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი ლელო ძალიან დაგვეხმარა. ამან გუნდს იმპულსი მისცა და ვფიქრობ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი ვითამაშეთ. 24 უპასუხო ქულა სერიოზული შედეგია და გუნდს თავდაჯერებას მატებს.
– სამოამაც ხელი შეგვიწყო, როდესაც პირველი ტაიმის ბოლოს, ჯარიმა კარში არ დაარტყა. როგორ შეაფასებდით ამ საქციელს? საერთოდ ვერ გავიგეთ, რატომ მოიქცნენ ასე.
– ეს მათ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. მე უბრალოდ მიხარია, რომ კარში არ დაარტყეს. თუმცა, ასეთი შეცდომები ჩვენც მოგვსვლია. ეს უბრალოდ რაგბის ნაწილია.
– ტონგა კუნძულელებიდან ყველაზე ძალისმიერ რაგბის თამაშობს. თუმცა, რამდენად სწორი იყო, მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ამ სტილში თამაში?
– ესაა ტაქტიკა, რომლითაც ტონგელები მსოფლიო თასზე იასპარეზებენ. შესაბამისად, ნოემბრის ტესტებსაც იაპონიისთვის მოსამზადებლად იყენებენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სტილში გვეთამაშებოდნენ და მთელ სერიაში, ფიზიკურად ყველაზე დამღლელი, სწორედ ტონგასთან მატჩი იქნებოდა. ვეცადეთ, ბოლომდე გაგვეძლო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთამდე გამარჯვებული გარკვეული არ იყო, ჩვენ ეს შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი მიღწევაა, მით უმეტეს ასეთი ახალგაზრდული გუნდისთვის. ივნისში ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, დავბრუნდით.
– შევაფასოთ ახალწვეულები და პირველ რიგში, თედო აბჟანდაძე.
– თედოს დიდხანს ვაკვირდებოდით. გვჯერა, რომ მას შეუძლია საერთაშორისო კლასის მოთამაშე დადგეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის სწორ დროს გვეთამაშებინა. ამიტომაც არ იყო იტალიასთან განაცხადში. ეს იყო ყველაზე დიდი თამაში ჩვენს ისტორიაში და არ მინდოდა 19 წლის ბიჭისთვის ზედმეტი ტვირთი ამეკიდა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, თუმცა ასე გადავწყვიტეთ. მათიაშვილის ტრავმამ მოვლენები დააჩქარა. ლაშა ხმალაძე ფულბექზე გადავწიეთ, რადგან ყოველთვის გვჯეროდა, რომ ის ამ პოზიციაზე გაამართლებდა, ხოლო თედო მგეზავად დავაყენეთ. როცა უყურებ, როგორ სწავლობს, როგორ იზრდება, გჯერა, რომ მოვა დრო, როცა ის უმაღლესი კლასის მორაგბედ ჩამოყალიბდება.
– მოგვეჩვენა, რომ თედო სამოასთან ბევრად ფრთხილი იყო და ტონგასთან გაიხსნა.
– ეს ბუნებრივიცაა. 19 წლის ბიჭი პირველ მატჩს ატარებდა ეროვნულ ნაკრებში და ცოტა ნერვიულობდა, ხოლო ტონგასთან მისი ბუნებრივი თამაში ითამაშა. შემიძლია ვთქვა, არათუ მომავლის პერსპექტივაში, უკვე დღესაც კარგი მორაგბეა.
– გეთანხმებით, რომ არ გარისკეთ და იტალიასთან არ დააყენეთ, იმ დროს ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან – იმავენაირად მოიქცეოდით?
– მოდი ასე ვთქვათ, იტალიასთან შეხვედრა მესამე რომ ყოფილიყო – ვათამაშებდით.
– გადავიდეთ სხვა ახალწვეულებზეც, ძნელაძე, გოგიჩაშვილი, გიგაშვილი, ასევე ბექა გორგაძეც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს.
– ბექა გორგაძეს ძალიან კარგი ტესტები ჰქონდა, ალბათ, საუკეთესოც იყო გუნდში. ის ჭკვიანი მოთამაშეა, ძალიან კარგია ბურთითაც და დაცვაშიც. გურამს რაც შეეხება, მისი ასეთი თამაში სასიამოვნო იყო. ჩვენ გვჯეროდა, რომ ის კარგი მორაგბე გახდებოდა, მაგრამ არ ველოდით, თუ ამას ასე სწრაფად მოახერხებდა. გვჯერა, რომ ის არის მოთამაშე, რომელიც მსოფლიო კლასის მორაგბე გახდება. მით უმეტეს, გრემ როუნთრის ზედამხედველობის ქვეშ, ამის შანსი უფრო დიდია. ის მაშინვე მიხვდა, რომ გოგიჩაშვილისგან კარგი მორაგბე დადგებოდა. გურამი უკვე კარგია, ამ ასაკში ტოპ 14-ის, ასევე, ტესტ-რაგბის თამაში და ასე კარგად, უბრალოდ მაგარია. გიგაშვილის თამაში სიურპრიზი იყო. რამდენიმე თვის წინ, მასზე საერთოდ არაფერი ვიცოდით. თვალს ქუბრიაშვილის თამაშს ვადევნებდით, განაცხადში გვარს წავაწყდით და მივხვდით, ქართველი იყო. ის ძალიან კარგია, როგორც შერკინებაში, ასევე, განსაკუთრებით, ღია თამაშში. ბექას ჰუკერადაც კი შეუძლია, ითამაშოს და მთელ პირველ ხაზს აზღვევს. ზურა ძნელაძისნაირი მოთამაშე ჩვენ გვჭირდებოდა. თუ გახსოვთ, ივნისის ტესტებზე, შემტევი, მაღალ ბურთზე აგრესიულად წამსვლელი კაცი გვაკლდა. ზურა კარგი იყო შვიდკაცაშიც, დავუძახეთ გუნდში და გაამართლა. ფიზიკურად ის ძალიან კარგად გამოიყურება, ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში და, ამასთან, გამოცდილი მოთამაშეა. ძალიან კარგია ჰაერში თამაშის დროს. შეუძლია დააზღვიოს ცენტრის, ფრთის პოზიციები. მსოფლიო თასზე ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა.
– სამოასთან ძალიან მოგვეწონა ჩვენი მესამე ხაზის თამაში. ეს ოპტიმალური ტრიოა?
– ამ ახალგაზრდა ბიჭებს ნამდვილად ძალიან კარგი ტესტები ჰქონდათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი მხოლოდ 22 წლის არიან. ჩვენ გვყავს კოკი თხილაიშვილი, რომელსაც ნაკრებში ფანტასტიკური თამაშები აქვს ჩატარებული – ბევრი ბოჭვით წინა მსოფლიო თასზე, სადაც მარტომ გააკეთა ბევრი რამ. ასევე, ვიტო კოლელიშვილი, ორ მსოფლიო თასზე ნამყოფი, ძალიან გამოცდილი მორაგბე. სხვებიც არიან… ისეთ ტურნირზე, როგორიც მსოფლიო თასია, გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, ისაა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.
– მამუკა გორგოძის თამაშს ნახავდით ტულონში. თუ ცდილობთ მის დაყოლიებას მსოფლიო თასისთვის?
– აქამდე საჯაროდ ამაზე არ მისაუბრია – მამუკას რამდენჯერმე შევხვდით და ვესაუბრეთ ამ თემაზე. მას არა არ უთქვამს, თუმცა ჯერ არც თანხმობა განუცხადებია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მან ბევრი ტრავმა გადაიტანა 2017-2018 წლებში. ეს შეიძლება კარგიცაა, მას დასვენების საშუალება მიეცა. შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მსოფლიო თასზე ბოლოჯერ დაგვეხმაროს და ეს ფანტასტიკური იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მას გუნდზე და მის თამაშზე. ჩვენ არ დავნებდებით, როუნთრი კიდევ შეხვდება მას და დაელაპარაკება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ მამუკა იღებს გადაწყვეტილებებს და სხვა ვერ ჩაერევა. დარწმუნებული ვარ, ის თავისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
– თაზო მჭედლიძეზეც უნდა გკითხოთ. ის უკვე მხოლოდ ცენტრად განიხილება თუ ფრთის დაზღვევადაც?
– კი, მხოლოდ ცენტრად. ის დიდი გაბარიტებისაა, მაღალია – 190 სმ. 112 კილოგრამი, ღონიერი ბიჭია. ასეთი ბევრი არ გვყავს. თაზოს უყვარს, როცა ბურთითაა, თუმცა პოზიციურ თამაშში უნდა მოუმატოს. როცა #12 უბურთოდაა, მოედანზე მეტი უნდა იმუშაოს. გასაუმჯობესებელი აქვს დაცვაში თამაშიც და ამას აკეთებს კიდეც. თუნდაც ამ სერიაში, ის შეხვედრიდან შეხვედრამდე აუმჯობესებდა თამაშს. ძალიან კარგი ლელო დადო იტალიასთან. როცა თაზო ფორმაშია, ის ძალიან სასარგებლოა.
– გრეემ როუნთრიზე გვინდა, გკითხოთ. ჯერ ცოტა დრო გავიდა, მოასწრო თუ არა გუნდისთვის ხელის დატყობა?
– გრეემმა გუნდზე უდიდესი გავლენა მოახდინა და არა მარტო, როგორც მწვრთნელმა. ის არის ძალიან კარგი პიროვნება, რაგბის ლეგენდა და ბიჭებიც გრძნობენ ამას. ეს ჩანს პირველივე შეხედვით. მიუხედავად მისი უდიდესი გამოცდილებისა, როგორც მოთამაშისა და როგორც მწვრთნელის ინგლისის ნაკრებში, ასევე ბრიტანელ „ლომებში“, მას არ აქვს ეგო, არის პირდაპირი, უბრალო და უშუალო ადამიანი. ბიჭებიც ხვდებიან ამას, როცა მას ესაუბრებიან. ჩემი აზრით, სამოასთან „ქამბექი“ მისი დიდი დამსახურებაა. მან გასახდელში სიტყვით მიმართა ბიჭებს, დაესრულებინათ, რაც დაიწყეს და ისინი ისე უსმენდნენ, რომ აშკარა იყო, მისი კარგად ესმოდათ. შემდეგ, მან მომიბოდიშა ამის გამო და მე ვუთხარი – რას ამბობ, ეს მშვენიერი იყო! როცა გენებოს. მისი ხასიათი ქართულ მენტალიტეტსაც კარგად ერგება. აქ არ გვიყვარს, როდესაც ზემოდან გველაპარაკებიან. მოკლედ, მისი გავლენა გუნდზე აშკარაა.
– ეს კარგია, თუმცა ავიღოთ ისეთი ასპექტი, როგორიცაა რაქში არჩასვლა, რადგან საკმარისად სწრაფად ვერ ვდგებით და ხაზში კაცი გვაკლდება, ამის გამო, მეტი დაცვა გვიწევს. ეს მოთამაშემ ეროვნულ გუნდში უნდა ისწავლოს?
– კარგ შემთხვევაში – არა. კლუბში უნდა ისწავლოს, თუმცა ნაკრებშიც გვიწევს. ეს ჩვენი რეალობაა და უნდა შევეგუოთ. საფრანგეთშიც არიან გუნდები, რომლებიც სრულფასოვან წვრთნას არ გადიან. დიდ 10-შიც არის პრობლემები. არიან საინტერესო მწვრთნელები, მაგრამ დიდ 10-სა და ტესტ-რაგბის შორის დიდი სხვაობაა. ამიტომ, ხშირად გვიწევს სწავლება, მეტწილად ახალგაზრდებისთვის თუ როგორ უნდა გააკეთონ ესა თუ ის კომპონენტი. რაც შეეხება დაცვას, წინააღმდეგნი არ ვართ, რადგან ეს ჩვენს ხასიათშია. გვიყვარს კონტაქტი. მსოფლიო თასამდე კიდევ 9 თვე გვაქვს და იმედია, თამაშს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ.
– ჩვენ ძლიერი ბიჭები გვყავს, თუმცა ერთია ძალა და მეორე გამძლეობა. აქვთ სათანადო გამძლეობა ჩვენს მორაგბეებს, რათა სულ ასე აგრესიულად ითამაშონ?
– ეს საკითხი ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო. ფიტნეს-ტესტებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ბიჭებს სამი ფერით ვაფასებთ: მწვანე – ყველაფერი კარგადაა, ნარინჯისფერი – სამუშაო კიდევ არის, ხოლო წითელი – სხვაგან მოხვდი. უდიდესი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო თასამდე არსებულ 3 თვეს, სადაც კიდევ უფრო მოვუმატებთ. მაგრამ თუ დავაკვირდებით ბოლო ორ მატჩს და იგივე იტალიასთან შეხვედრასაც, მეორე ტაიმში მეტოქეებს სწორედ ფიზიკის წყალობით ვაჯობეთ. რამდენიმე წლის წინ ამას ვერ შევძლებდით. იაპონიაში, 2015 წლის მსოფლიო თასზე არანაკლებ მომზადებულები უნდა ჩავიდეთ. რთული საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია.
– რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოახლოვდა. დროს უკვე არსებული გუნდის შეთამაშებას დაუთმობთ, თუ ველოდოთ ექსპერიმენტებს?
– პირველ რიგში, ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა. თუმცა, გარკვეულ მორაგბეებსაც ვნახავთ საქმეში. მირიან მოდებაძის გამოცდას ვგეგმავთ, ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. ასევე, ვნახავთ სანდრო სვანიძეს. ვაპირებთ, ლაშა ხმალაძე ფულბექად ვათამაშოთ, რადგან კვლავ გვაინტერესებს ამ პოზიციაზე. სვანაძის პოზიციაც არაა ბოლომდე გარკვეული, ფრთა იქნება, თუ #15. აბჟანდაძე-აფრასიძის წყვილის ნახვაც გვინდა. რამდენიმე მატჩს ორივე ძირითადში დაიწყებს. გვაინტერესებს, როგორ შეძლებს ეს დუეტი მატჩის გაკონტროლებას. ვნახავთ იმ მორაგბეებსაც, ვისაც ტრავმის გამო ბოლო დროს არ უასპარეზია. კვაჭის პოზიციაზეც გვჭირდება გაძლიერება. ამ წუთას გვყავს 3 მოთამაშე: ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, მაგრამ თუ რომელიმე დაიმტვრა, ვინაა შემდეგი? სანახავია მეორეხაზელებიც, ვინც დააზღვევს ახლანდელ მოთამაშეებს. მოკლედ, რამდენიმე პოზიციაზე სამუშაოა.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი