ბელგია 6:46 საქართველო | „ბორჯღალოსნების“ ზედიზედ მესამე გამარჯვება „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ [ვიდეო]

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბელგიას ბრიუსელში შეხვდა და დიდი ანგარიშით 6:46 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თავიდანვე წნეხის ქვეშ მოაქციეს და პირველი ლელო მეათე წუთზე დადეს – მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი გურამ გოგიჩაშვილმა დაამიწა. აღსანიშნავია რომ ეს გურამისთვის ნაკრებში სადებიუტო ლელო იყო. რაც შეეხება გარდასახვას, სოსო მათიაშვილის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.


23-ე წუთზე მილტონ ჰეიგის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს. ბელგიელებს მეორე ლელო ინდივიდუალური გარღვევის შედეგად, გიორგი ნემსაძემ დაუდო. მათიაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო 12:0 დაწინაურდა.

აქედან დაახლოებით სამ წუთში ქართველებმა მესამე ლელოც დადეს. მათიაშვილის ეფექტური გრძელი გადაცემის შემდეგ, თავი გიორგი ცუცქირიძემ გამოიჩინა, რომელმაც ნაკრებში თავისი მეოთხე ლელო მიითვალა. მათიაშვილის დარტყმული გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.

34-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ ბონუს ქულაც გაინაღდეს და ბელგიელები მეოთხედ დაალელოვეს. თამაშის მეოთხე და თავისი სანაკრებო კარიერის მეორე ლელო მირიან მოდებაძემ დადო.

მასპინძლებმა ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯარიმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ლუის დე მოფარტსმა კარში დაარტყა, სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3:22 დააფიქსირა.

მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და სტრატიდან ხუთ წუთში საქართველოს ნაკრები თამაშგარე მდგომარეობის გამო დაჯარიმდა. ბელგიელებმა ისევ დარტყმა გადაწყვიტეს და მოფარტასმაც სხვაობა კიდევ სამი ქულით შეამცირა.

მეორე ტაიმში ლელოს დასადებად „ბორჯღალოსნებს“ 23 წუთი დასჭირდათ, რის შემდეგაც გულშემატკივარმა კიდევ ერთი სადებიუტო ლელო იხილეს. ზურაბ ძნელაძემ სხვაობა 21 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც გარდასახვის დარტყმა უკვე შეცვლაზე შემოსულმა გელა აფრასიძემ ითავა და მცდელობაც წარმატებული გამოვიდა – 6:29.

მალევე კიდევ ერთი ლელო გავიდა, გიორგი ცუცქირიძემ დუბლი შეასრულა, აფრასიძის დარტყმა კი ამჯერად არაზუსტი გამოდგა.

არაზუსტი გარდასახვის შემდეგ, ქულების საკუთარი მონაგარი ლელოთი გაზარდა. ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და თამაშის მეშვიდე ლელო დადო, თუმცა დარტყმა ზუსტი არც ამჯერად გამოუვიდა.

თამაშის ბოლო ლელო კომპენსირებულ დროში გიორგი თხილაიშვილმა დადო. მან მეტოქე კონტაქტით ჩამოიცილა და მატჩის მერვე ლელო მიითვალა, საბოლოო ანგარიში 6:46 კი ზუსტი გარდასახვით გელა აფრასიძემ დააფიქსირა.

„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრას 10 მარტს 16:00-ზე ქუთაისში გერმანიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღესვე საკუთარ მოედანზე რუსეთთან, ანგარიშით 18:26 წააგო. ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსაც ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი