ბელგია 3:22 საქართველო | პირველი ტაიმის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ მეტოქეს 19 ქულით ამარცხებენ [ვიდეო]
ბელგია 3:22 საქართველო | პირველი ტაიმის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ მეტოქეს 19 ქულით ამარცხებენ [ვიდეო]

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბელგიას ბრიუსელში ხვდება.

როგორც მოსალოდნელი იყო „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თავიდანვე წნეხის ქვეშ მოაქციეს და პირველი ლელო მეათე წუთზე დადეს – მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი გურამ გოგიჩაშვილმა დაამიწა. აღსანიშნავია რომ ეს გურამისთვის ნაკრებში სადებიუტო ლელო იყო. რაც შეეხება გარდასახვას, სოსო მათიაშვილის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

23-ე წუთზე მილტონ ჰეიგის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს. ბელგიელებს მეორე ლელო ინდივიდუალური გარღვევის შედეგად, გიორგი ნემსაძემ დაუდო. მათიაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო 12:0 დაწინაურდა.

აქედან დაახლოებით სამ წუთში ქართველებმა მესამე ლელოც დადეს. მათიაშვილის ეფექტური გრძელი გადაცემის შემდეგ, თავი გიორგი ცუცქირიძემ გამოიჩინა, რომელმაც ნაკრებში თავისი მეოთხე ლელო მიითვალა. მათიაშვილის დარტყმული გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.

34-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ ბონუს ქულაც გაინაღდეს და ბელგიელები მეოთხედ დაალელოვეს. თამაშის მეოთხე და თავისი სანაკრებო კარიერის მეორე ლელო მირიან მოდებაძემ დადო.

მასპინძლებმა ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯარიმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ლუის დე მოფარტსმა კარში დაარტყა, სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3:22 დააფიქსირა.