„ინტერმა“ „ლაციოს“ მოუგო - კვარაცხელიამ, შეიძლება, იტალიის ჩემპიონობა დღესვე იზეიმოს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა – მილანის „ინტერმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ამ დაპირისპირებაზეც იყო დამოკიდებული, „ნაპოლი“ სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ოფიცილურად მოიპოვებს თუ არა ჩემპიონის ტიტულს. სპალეტის გუნდს „სკუდეტოს“ მოსაპოვებლად „ლაციოს“ ქულების დაკარგვა აძლევდა ხელს, რომელიც ამ მატჩამდე ჩემპიონატის ლიდერს 17 ქულით ჩამორჩებოდა და გადასწრების თეორიულ შანსს ინარჩუნებდა.
27-ე წუთზე „ინტერმა“ გაიტანა, მაგრამ მხითარიანის გოლი ვიდეორეფერიზე გადაამოწმეს, თამაშგარე დააფიქსირეს და არ ჩაითვალა, სამ წუთში კი ფელიპე ანდერსონმა „ლაციო“ დააწინაურა.
78-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა წონასწორობა აღადგინა, ხუთ წუთში რობინ გოსენსმა „ინტერი“ დააწინაურა, ხოლო 90-ე წუთზე ლაუტარომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „ინტერის“ სასარგებლოდ.
32 ტურის შემდეგ „ლაციოს“ 61 ქულა აქვს, „ნაპოლისთან“ (78) ჩამორჩენა ვერ შეამცირა და ნეაპოლელები დღეს „სალერნიტანასთან“ (მატჩი 17:00 საათზე დაიწყება) თუ მოიგებენ, სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებენ.