ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2015 წლიდან დღემდე 579 სტარტაპი დააფინანსა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 2015 წლიდან დღემდე 579 სტარტაპი დააფინანსა. GITA-ს მიერ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე დაიხარჯა 150 მილიონზე მეტი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 21 სტარტაპი. სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 135 სტარტაპი.
სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 423 სტარტაპი. GITA-მ მცირე გრანტების პროგრამა 2016 წლიდან დაიწყო, თავდაპირველად 5 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა იყო, რომელიც შემდგომ 15 000 ლარამდე გაიზარდა. 2021 წელს GITA-ს მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 400 000 ლარს შეადგენს. 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა კი, მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში. დაფინანსებულმა სტარტაპებმა ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.