კრიპტოვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დელეგაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა
კრიპტოვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დელეგაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართა შეხვედრები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველომ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში მოიპოვა. საუბარი შეეხო წარმატებულ ქართულ სტარტაპ-კომპანიებს, მათ შორის, კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. ავთანდილ კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული სტარტაპის წარმატება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალია და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია ასევე შეხვდა ქართველ სტარტაპერებს კრიპტო-მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქართულ სტარტაპებთან მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები. ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე.

დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებიან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მთავრობის მეთაური FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსa და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება – 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო-სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.