ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შეათანხმა ლეგენდარული სტადიონის „უემბლის“ მიყიდვა პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერისთვის შაჰიდ ჰანისთვის. გარიგების თანხა 600 მილიონი ფუნტია, – იტყობინება „ფაინენშალ თაიმსი“ (Financial Times).
როგორც გამოცემა წერს, შეთანხმება უნდა დამტკიცდეს ასოციაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.
გარიგების დამტკიცების შემთხვევაში, ახალ მფლობელს არ ექნება სტადიონის სახელის შეცვლის უფლება. ასევე, „უემბლიზე“ გარანტირებულად გაიმართება მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩები.
„უემბლის“ განახლებული სტადიონი 2007 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ის 90 ათას მაყურებელს იტევს.
შაჰიდ ჰანი „ფულჰემისა“ და ამერიკული ფეხბურთის ლიგის კლუბის „ჯექსონვილ იაგუარსის“ მფლობელია. „უემბლის“ შეძენაზე მოლაპარაკებებს ის აპრილიდან აწარმოებდა.