ინგლისმა უემბლიზე წააგო, შვეიცარიამ ისლანდიას ექვსი გოლი გაუტანა - ერთა ლიგის მესამე დღე
ინგლისმა უემბლიზე წააგო, შვეიცარიამ ისლანდიას ექვსი გოლი გაუტანა - ერთა ლიგის მესამე დღე

ერთა ლიგაზე დასრულდა პირველი ტური. მესამე სათამაშო დღის მთავარი მატჩი ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართა, სადაც ინგლისის ნაკრები ესპანეთს ხვდებოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებმა ახალი ცხოვრება დაიწყო ახალ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად. ინგლისის ნაკრებმა კი მსოფლიოზე მეოთხე ადგილი დაიკავა და უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს შემთხვევითი წარმატება არ ყოფილა.

მატჩის წინ, “ოქროს ბუცი” გადასცეს ინგლისის ნაკრების ფორვარდს ჰარი კეინს – როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს. მან რუსეთში ექვსი გოლი დააგროვა.

თუმცა, პირველი გოლი არა კეინმა, არამედ რეშფორდმა გაიტანა, რომელმაც შოუს პასი გამოიყენა.
სტუმრებმა მაშინვე უპასუხეს: კარვახალი ფლანგიდან შოუს გაექცა, როდრიგოს მიაწოდა, მან დასარტყმელად გაუსწორა საულ ნიგესს – 1:1.

ამის შემდეგ, გუნდები მომენტებს ცვლიდნენ, მაგრამ წინ გასვლა ესპანეთმა მოახერხა – როდრიგომ ძალიან კარგად გამოიყენა ტიაგო ალკანტარას პასი. მასპინძლებს შესვენებამდე შეეძლოთ ანგარიშით გათანაბრება, მაგრამ დე ხეამ დაუჯერებელი დარტყმა მოიგერია რეშფორდისგან.

მეორე ტაიმის მთავარი ამბავი იყო – შოუს სერიოზული ტრავმა. ის კარვახალს შეეჯახა, გონება დაკარგა და მხოლოდ გასახდელში გამოფხიზლდა.

ამ ინციდენტის გამო, მსაჯმა მატჩს 9 წუთი დაამატა და კომპენსირებულ დროში უელბეკმა შეძლო გოლის გატანა, მაგრამ არბიტრმა მეკარეზე თავდასხმა დაუფიქსირა.

ინგლისმა პირველად წააგო “უემბლიზე” ოფიციალური მატჩი ბოლო 11 წლის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებს კი, თუ პენალტების სერიებს არ ჩავთვლით, 25 მატჩია არ მარცხდება.

A ლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. სენტ გალენში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს თითქოს თანაბარი ძალის მეტოქეთა შეხვედრა იყო, მაგრამ შვეიცარიამ ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა ისლანდიას. აღსანიშნავია, რომ ეს ექვსი გოლი ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

მესამე დღის შედეგები:
A ლიგა
IV ჯგუფი
ინგლისი-ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 რეშფორდი (11), 1:1 საულ ნიგესი (13), 1:2 როდრიგო (32)
ინგლისი: პიკფორდი, გომესი, მაგუაირი, სტოუნზი, ტრიპიერი, ალი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი, 64), შოუ (როუზი, 53), კეინი, რეშფორდი (უელბეკი, 90+4).
ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, ალონსო (ინიგო მარტინესი, 87), ტიაგო ალკანტარა (სერხი რობერტო, 80), ბუსკეტსი, საულ ნიგესი, როდრიგო, იაგო ასპასი (მარკო ასენსიო, 68), ისკო.

II ჯგუფი
შვეიცარია-ისლანდია 6:0
გოლები: 1:0 ცუბერი (13), 2:0 ზაკარია (23), 3:0 შაჩირი (53), 4:0 სეფეროვიჩი (67), 5:0 აიეტი (71), მეჰმედი (82)

B ლიგა
III ჯგუფი
ჩრ. ირლანდია-ბოსნია 1:2
გოლები: 0:1 დულევიჩი (36), 0:2 სარიჩი (64), 1:2 გრიგი (90+3)

C ლიგა
II ჯგუფი
ფინეთი-უნგრეთი 1:0
გოლი: 1:0 პუკი (7)

ესტონეთი-საბერძნეთი 0:1
გოლი: 0:1 ფორტუნისი (14)

D ლიგა
II ჯგუფი
ბელარუსი-სან მარინო 5:0
გოლები: 1:0 სტასევიჩი (4), 2:0 დრაგუნი (26), 3:0 საროკა (67-პენ), 4:0 დრაგუნი (87), 5:0 კოვალიოვი (90+1)

ლუქსემბურგი-მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 მალჟე (34), 2:0 ტილი (59), 3:0 სინანი (74), 4:0 პერეირა (83)