„იმედია, ჩემი შეცდომით ჩემპიონობას არ დავკარგავთ“ - ხოჭოლავა „შახტარში“ მაინც საუკეთესოა 
„იმედია, ჩემი შეცდომით ჩემპიონობას არ დავკარგავთ“ - ხოჭოლავა „შახტარში“ მაინც საუკეთესოა 

უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი ხარკოვში გაიმართა, სადაც დათა ხოჭოლავას გუნდმა, დონეცკის „შახტარმა“ უშუალო კონკურენტ კიევის „დინამოსთან“ წააგო – 0:1. „შახტარი“ 63 ქულით გათამაშებას კვლავ ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსანმა „დინამომ“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა და ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნა.

სამწუხაროდ, ერთადერთი გოლი კიეველებმა ქართველი მცველის შეცდომით გაიტანეს. ამის მიუხედავად, გულშემატკივრების აზრით, ის დონეცკელთა შემადგენლობაში მაინც საუკეთესო იყო. ასეთი შედეგით დასრულდა გამოკითხვა, რომელიც უკრაინულმა გამოცემა Football.ua- თამაშის შემდეგ ჩაატარა: ქართველ მცველს ხმა გამოკითხულთა 20,6%-მა მისცა, მეორე ადგილზე გუნდის კაპიტანი ტაისონი გავიდა (15,2%), მესამეზე კი მარლოსი (13,3%).

ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მისი შეცდომა გუნდს ძვირად არ დაუჯდება.

„გუნდის თამაშს არ შევაფასებ, რადგან ჩემი შეცდომის გამო წავაგეთ. ეს მხოლოდ ჩემი დანაშაულია. თუმცა, ყველა გვერდში დამიდგა და გამამხნევა. იმედია, ჩემი შეცდომით ჩემპიონობას არ დავკარგავთ. არც ვიცი, ამ მომენტს როგორ გადავიტან“, – აღნიშნა დათა ხოჭოლავამ.