საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო ჯილდო გადაეცა - სპორტის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა #1TVSPORT
საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო ჯილდო გადაეცა - სპორტის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა. საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ფონდის პარტნიორები.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დაჯილდოეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ხოლო ფონდის კეთილი ნების ელჩებს, ზაზა ფაჩულიას და დათა ხოჭოლავას პრიზები საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაეცემათ.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის ფონდის პრეზიდენტისგან, ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საგანგებო ჯილდო მიიღო.

სპორტის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით და მისი პარტნიორების თანადგომით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი პროექტი განახორციელდა. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფონდის სამომავლო გეგმები დააანონსეს და ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება.